GEO   ENG
სიახლეები
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადება აქციის მონაწილეების დაკავებებზე
22.11.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 2019 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულებს დაერღვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ მცირე დროის განსაზღვრა; ჩანიშნული პროცესების დაგვიანებით დაწყება, რამაც რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების ვადების დარღვევა გამოიწვია; საქმეების დაუსაბუთებელი გაერთიანება; ავთენტურობისა და მასში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის გარეშე ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებებად დაშვება; პოლიციის მიერ წარმოდგენილი შაბლონური მასალები, მონაწილეთა ინდივიდუალური მახასიათებლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე - კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ახლადშექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციელთა მიერ ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

 
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026