GEO   ENG
სიახლეები
DRC: ,,ქართულო ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის
07.12.2024

დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 6-7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიაწოდოს საზოგადოებას დროული ინფორმაცია.

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათიათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კვლავ დაუპირისპირეს არაპროპორციული ძალა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - გაზის კაფსულები, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. პერიოდულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რამდენიმე სამართალდამცავისგან შემდგარი ჯგუფი, ძალის გამოყენებით აკავებდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ფიზიკურად უსწორდებოდა მათ. ამასთან, საპოლიციო ძალების მხრიდან მუდმივად ფიქსირდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.

დაახლოებით, 00:34 საათზე, გაფრთხილების გარეშე, თავისუფლების მოედნიდან დაიძრა საპოლიციო ძალების ნაწილი. ამის პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. 01:50 წუთზე, სამართალდამცავებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მშვიდობიანი აქციის მასშტაბური დარბევა დაიწყო.  არაპროპორციული ძალის გამოყენებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შაბლონური განცხადება, რომლის მიხედვითაც, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობის არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

განსაკუთრებით საგანგაშოა საპოლიციო ძალების მიერ აქციის დაშლის ტაქტიკა - მშვიდობიანი დემონსტრანტები, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სამოქმედო ინსტრუქციით დადგენილი წესების უხეში დარღვევით იყენებდნენ დიდი რაოდენობის უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულებს. ერთადერთი თავისუფალი ტერიტორია, საიდანაც აქციის მონაწილეებს გასვლა შეეძლოთ, რუსთაველის გამზირის გაგრძელება იყო. სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი, სპეციალურ ტექნიკასთან ერთად (მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანა) განლაგებული იყო რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც, პერიოდულად სახლისკენ მიმავალ მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აკავებდნენ. დემონსტრანტთა ინფორმაციით, საპოლიციო ძალები განლაგებულები იყვნენ მიწისქვეშა გასასვლელებშიც, რის გამოც, უსაფრთხოდ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, უკიდურესად შეზღუდული იყო. გარდა ამისა, საპოლიციო ძალების დიდი ნაწილი შეკრების ადგილიდან საკმაოდ დიდ მანძილზე მისდევდა დემონსტრანტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აკავებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

საპოლიციო ძალების მიერ  დიდი რაოდენობით უცნობი ქიმიური ნივთიერების გაზის კაფსულების გამოყენება საგანგაშო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ წინა დღეების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც,  სამართალდამცავებმა აქციაზე მიმავალ პირებს, უკანონოდ ჩხრეკის შედეგად,  ჩამოართვეს აირწინაღები, ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები, რაც, არ წარმოადგენს ისეთ ნივთს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან/და სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მე-9 დღეა ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას, რაც გამოიხატება უკანონო დაკავებებში, მშვიდობიანი აქციის არაპროპორციულად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაშლაში, დემონსტრანტთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში (წამებაში), უკანონო ჩხრეკასა და მოქალაქეთა კუთვნილი ნივთების უსაფუძვლოდ ჩამორთმევაში.

  • 6 დეკემბრის მონაცემებით, დაკავებულია 400-მდე მშვიდობიანი დემონსტრანტი, 300-ზე მეტი პირი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. შსს-ს ცნობით, 6-7 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით 48, 2  პირი კი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.
  • ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე, არც ერთი სამართალდამცავი არ არის იდენტიფიცირებული და დასჯილი. შესაბამისი უწყებების უმოქმედობა, ახალისებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ანგარიშსწორების სასტიკი მეთოდების გამოყეებას.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026