GEO   ENG
ანგარიშები
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებული ორგანიზებული ძალადობის და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ფონზე
10.12.2024

დემოკრატიის კვლევის ცენტრი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აჯამებს. 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველმა წამებად დააკვალიფიცირა. დემონსტრაციების დარბევისას გამოყენებულმა სისტემურმა ძალადობამ, ძალადობის მკფიოდ ორგანიზებულმა ხასიათმა, დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიყენებული დაზიანებების სიმძიმემ, ლოკაციამ და ხასიათმა შექმნა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ პოლიცია ძალადობრივ მეთოდებს აქციების მონაწილეთა დასასჯელად იყენებდა. ძალადობის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის უმოქმედობამ და სასამართლოს გულგრილობამ დაკავებულებზე წამების და არაადამიანური მოპყრობის თვალსაჩინო ნიშნების მიმართ, წამების და არაადამიანური მოპყრობის სახელისუფლებო ანგარიშსწორების იარაღად გამოყენების შესახებ მოსაზრება გაამყარა.

საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა კრიტიკული მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის სივრცე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და მედიის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიით.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ფუნდამენტი გამოაცალა: 2024 წლის გაზაფხულზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (რუსული კანონი) კანონპროექტის განმეორებით ინიციირებამ და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე მიღებამ; მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციების არაპროპორციული საპოლიციო ძალით არაერთხელ დაშლამ, რამაც ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაზიანება გამოიწვია; არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ წარმოებულმა ორკესტრირებულმა ძალადობამ და დაშინების კამპანიამ; წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო უწყებების მიერ ადამიანების პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა; კენჭისყრის დღეს ხმის ფარულობის და საარჩევნო პროცესის იმდენად ფართოდ გავრცელებულმა დარღვევამ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი; ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალების მიერ შეკრების მონაწილეთა დაკავებისას და დაკავების შემდეგ განხორციელებულმა წამებამ, არაადამიანურმა და დამამცირებელმა მოპყრობამ; დაკავებულებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევამ და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულმა სისტემურმა და ორგანიზებულმა ძალადობამ.  

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სისტემური ძალადობა ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს და შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში. ამის მიუხედავად, წარმოგიდგენთ 2024 წლის ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის ანგარიშს. ანგარიში ყოვლისმომცველი არაა. მასში თავმოყრილია მხოლოდ იმ უფლებების დაცვის მდგომარეობა, რომელზეც დემოკრატიის კვლევის ცენტრი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა. 


10 დეკემბრის ანგარიშისაქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026