GEO   ENG
სიახლეები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო
13.12.2024

4 დეკემბერს, აფხაზეთის ე.წ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბის სხდომაზე, ე.წ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ,  მოსახლეობა გააფრთხილა განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ. ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო აფხაზეთს საკმარისი ენერგია არ მიეწოდება. ე.წ. ხელისუფლებას მოუწია რუსეთიდან გაცილებით მეტი ელექტროენერგიის შეძენა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციებისა და დაფინანსების შეწყვეტის შედეგად კი  ე.წ აფხაზეთის ხელისუფლებამ მოსახლეობა ღრმა ენერგო და ფინანსურ კრიზისში გაახვია. 

ე.წ. ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმერ დელბამ განმარტა, რომ ენერგეტიკის სექტორი საკმაოდ დიდ რესურსებს მოითხოვს, თუმცა რუსული დაფინანსების გარეშე საკმაოდ რთული იქნება  ენერგოკრიზისის დაძლევა. უკვე 11 დეკემბერს ჩერნომორენერგომ გამოაქვეყნა ელექტროენერგიის მიწოდების ახალი განრიგი, რომელზე დაყრდნობითაც, 11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობა დენით  დღის განმავლობაში 2 საათი და 48 წუთის განმავლობაში ისარგებლებენ, ხოლო, 21:00-დან დილის 07:00- მდე დენის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებამ ენერგოკრიზისის შედეგად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ერთი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო,-  განაცხადა ე.წ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ. ე.წ განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ არდადეგების პერიოდი 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გარდა ამისა,  ე.წ. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა ინტერნეტ პროვაიდერებს სთხოვა, 10 დეკემბერს, შვიდი საათით გამორთო ინტერნეტი კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ენერგოკრიზისისა, აფხაზეთში სერიოზული ფინანსური კრიზისია. ე.წ. ფინანსთა მინისტრმა, ვლადიმირ დელბამ განაცხადა, რომ ნოემბერში შეწყვეტილი დაფინანსების გამო აფხაზეთი ვერ მიიღებს 1.8 მილიარდი რუბლის ( 17.8 მილიონი დოლარის) ოდენობის დახმარებას.

„ვერ ვიღებთ თანხებს საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების უზრუნველსაყოფად - თავდაცვისუნარიანობის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, შესაბამისად, მედიკამენტების შესყიდვისთვის და, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა საბიუჯეტო ინვესტიციებისთვის, როგორიცაა საინვესტიციო პროგრამა და ბიზნესის მხარდაჭერა. ამრიგად, წლის ბოლომდე ჩვენ არ მივიღებთ 1 მილიარდ 800 მილიონ რუბლს რუსული ფინანსური დახმარებისგან“- განაცხადა დელბამ

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს რუსეთისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, საკმაოდ  გაუჭირდება ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. მან აღნიშნა, რომ ნოემბრიდან რუსულმა მხარემ პრაქტიკულად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით, პენსიების გარდა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა და მოსალოდნელი ანექსია

23 ივნისს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსახლეობას, ვიდეომიმართვის საშუალებით, საკუთარი გადადგომის შესახებ შეატყობინა. 

30.06.2026
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა.

26.06.2026
კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026