GEO   ENG
სიახლეები
ბადრა გუნბა ოკუპირებული აფხაზეთის ახალი დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატია
20.12.2024

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც საინვესტიციო ხელშეკრულებას უკავშირდებოდა და დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მიმართული იყო მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვისაკენ, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. საინვესტიციო ხელშეკრულება რუსულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევდა, ინვესტიციები დაებანდებინათ სოფლის მეურნეობაში, გადამამუშავებელ წარმოებაში, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილებას ძირითადად მეხუთე მუხლი იწვევდა, რომელიც, მოწინააღმდეგეების აზრით, ადგილობრივ ბიზნესს წამგებიან მდგომარეობაში აყენებდა. მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ხელშეკრულების რატიფიცირების უზრუნველსაყოფად, ზეწოლას ახორციელებდა მარიონეტულ რეჟიმზე, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. უწყვეტი პროტესტის შემდეგ ბჟანია გადადგა და ე.წ. არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს დაინიშნა. თავდაპირველი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა: ასლან ბჟანიამ (ე.წ. ექს-პრეზიდენტმა); ადგურ არძინბამ (მთავარმა ოპოზიციონერმა და ხაჯიმბას კლანის წევრმა) და ომარ ბარციცმა (რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილმა სავაჭრო წარმომადგენელმა).

თუმცა, 14 დეკემბერს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიამ კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა ახალი კანდიდატის ვინაობა. ბჟანია ჩაანაცვლა ბადრა გუნბამ, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. ბადრა გუნბა ადგურ არძინბას მთავარ კონკურენტად მოიაზრება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ არჩევნებში ძირითადი ბრძოლა სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

ბადრა გუნბა 1981 წლის 14 აგვისტოს სოხუმში დაიბადა. მისი განათლება და კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან არის დაკავშირებული. მან 2003 წელს დაამთავრა ნ.ი. ვავილოვის სახელობის სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, 2007 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. გუნბას პოლიტიკური კარიერა 2009 წელს იწყება, როდესაც ის აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2011-2014 წლებში იგი დე ფაქტო კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი აქტიური  პოლიტიკური ცხოვრების გადამწყვეტი ეტაპი 2020 წლის არჩევნები გახდა, როდესაც გუნბა ასლან ბჟანიას გუნდთან ერთად  ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი გახდა. თუმცა, 2024 წლის ნოემბრის პროტესტებმა, რომელმაც ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, გუნბასთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა – ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ბადრა გუნბას ამჟამინდელი პოლიტიკური პოზიცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ასლან ბჟანიას გავლენასთან, რასაც აფხაზეთის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპონენტები მას ბჟანიას „პირდაპირი ინტერესების გამტარად“ აღიქვამენ. თუმცა, მას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – ორი ე.წ. ექს-პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ანქვაბის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ბადრა გუნბა აფხაზეთის პოლიტიკაში ახალი ფიგურა არ არის, მისი პერსპექტივები დიდწილად დამოკიდებულია წინასაარჩევნო კამპანიის ხარისხზე და კრემლის მხარდაჭერაზე, რომელიც აფხაზეთის პოლიტიკური რეალობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია.

არალეგიტიმური ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდება, ბადრა გუნბასთვის იქნება კრიტიკული მომენტი საკუთარი პოლიტიკური პოზიციის განსამტკიცებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ძირითადი ბრძოლა მას ოპოზიციონერ ადგურ არძინბასთან მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით შექმნილი კრიზისული მდგომარეობა თითქოსდა განიმუხტა, 19 დეკემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დამთავრდა. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო დეპუტატმა, ადგურ ხარაზიამ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ოპოზიციონერები კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. ვახტანგ გოლანძია მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კან კვარჩია კი რეანიმაციაშია. 

DRC: ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება  დააანონსა. 

03.02.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.

03.02.2025