GEO   ENG
სიახლეები
DRI: სასამართლო სისტემაში პარტიული გავლენების გაძლიერების პარალელურად, კონსტიტუციური უფლებების სრულად უგულებელყოფა ხდება
24.06.2025

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოში ინიციირებულ რეპრესიული კანონმდებლობის მორიგ ციკლს, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით ერთი მხრივ გაუმართლებლად იზღუდება ინფორმაციის თავისუფლება, საჯაროობის პრინციპი და მეორე მხრივ, ხდება სიტყვისა და გამოხატვის უფლების სრული უგულებელყოფა. ინიციირებულ ცვლილებებს მსუსხავი ეფექტი ექნებათ კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებთან მიმართებითაც. გარდა ამისა, ინიციირებული ცვლილებები ისედაც მიკერძოებულ სასამართლო სისტემას, სადაც მტკიცების სტანდარტი უკიდურესად დაბალია, კიდევ უფრო ჩაკეტილს ხდის.

ინფორმაციის თავისუფლების/საჯაროობის პრინციპის/გამოხატვის უფლების უკანონო  შეზღუდვა

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუზღუდავად, საერთო საეთერო მაუწყებელს კი სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე (თუ მაუწყებელი არ სარგებლობს ამ უფლებით),  შეუძლიათ სასამართლოში აწარმოონ ფოტოგადაღება, ასევე ვიდეო, კინო და აუდიოჩაწერა.

თუმცა, ინიციირებული ვერსიით, გადაღება იზღუდება არა მხოლოდ სასამართლოს დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს, არამედ - დერეფანსა და ეზოშიც. სასამართლოში მიმდინარე პროცესის გადაღების უფლება ჩამოერთმევა ყველა მედია საშუალებას, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს. აღნიშნულის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ,, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.“ 

ინიციირებული ცვლილება, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე, ზღუდავს საჯაროობის პრინციპს. არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მქონე პროცესების გაშუქება. მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, არაერთი უკანონოდ დაკავებული პირის პროცესების გაშუქების შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა სასამართლოს მანკიერი მხარე, მისი არაობიექტურობა, მიკერძოება, პროცესებზე მტკიცების დაბალი სტანდარტის არსებობა, დაცვის უფლების უკანონო შეზღუდვები, ცრუ მოწმე-პოლიციელების ჩვენებებსა და პარტიულ ინტერესებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ინიციირებული ცვლილებები მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები ხაზს უსვამს სასამართლო პროცესების საჯაროობის მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების უფლებას და დემოკრატიის ფუნდამენტურ კომპონენტს. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია (ECHR) და მისი შესაბამისი პროტოკოლები განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესები უნდა იყოს საჯარო, თუკი ეს ხელს არ უშლის სამართლის უზენაესობის დაცვას. სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა, პირდაპირ ეხება ინფორმაციის თავისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს მიერ არასწორი მმართველობისა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, სასამართლო პროცესების გაშუქების აკრძალვა/შეზღუდვა ავტორიტარული  ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, რუსეთში გაშუქების აკრძალვა იმ პროცესებს ეხება, სადაც პოლიტიკური შინაარსის საქმეები განიხილება.

მთელი რიგი სხვა ცვლილებებთან ერთად, ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იზრდება სასამართლოს უპატივცემულობის განსაზღვრების ფარგლები, კერძოდ: „მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ აღნიშნული ცვლილება მოსამართლეს ანიჭებს ფართო დისკრეციას, დაუსაბუთებლად გამოიყენოს სანქცია პირის მიმართ, რომლის ნებისმიერი ვერბალური გამოხატულება, მისთვის მისაღები არ აღმოჩნდება.

სიტყვისა და გამოხატვის უფლების უგულებელყოფა

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაახშოს მრავალდღიანი პროტესტი ქვეყანაში, „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს უკავშირდება, რომლითაც ქვეყანაში არსებითად იცვლება სიტყვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი.

  • საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცილისწამების ახლებური დეფინიცია ჩნდება, საიდანაც ზიანის არსებობის აუცილებლობა ამოღებულია და ნორმის შინაარსში მეტი ბუნდოვანება ჩნდება. შესაბამისად, ინიციირებული ვერსიით, ცილისწამება არის „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.“ მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერები კი ზრდის გამოხატვის სივრცეში სახელმწიფო ჩარევის შესაძლებლობას.  კონკრეტული საქმის განხილვის დროს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად არის ესა თუ ის განცხადება პირისთვის ,,სახელის გამტეხი“ და მიუხედავად ზიანის არარსებობისა, შესაძლოა, ის მიიჩნიოს ცილისწამებად.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ხაზგასმულია, რომ ღირებულებითი განწყობა – თუნდაც უხეში და შეურაცხმყოფელი ფორმით – დაცულია სიტყვის თავისუფლებით, თუ არ არსებობს ხელშესახები, კონკრეტული მტკიცებულებები არსებულ ზიანთან დაკავშირებით. მოცემულ დეფინიციას დამატებითი ბუნდოვანება შემოაქვს არა მხოლოდ ცილისწამების განსაზღვრის სიცხადეში, არამედ ქმნის პირობებს პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიტიკის გამო, პირთა დევნისთვის.
  • განსაკუთრებით საგანგაშოა მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე. ინიციირებული ვარიანტით მოპასუხე (ჟურნალისტი, აქტივისტი, პოლიტიკოსი და სხვა.) ვალდებულია ამტკიცოს თავისი სიმართლე. მაშინ როცა, ძველი რედაქციით ეს ვალდებულება მოსარჩელეს ჰქონდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როცა სახელმწიფომ დაასაბუთა მისი აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ინიციატივა, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
  • ინიციირებული ვერსია ამკაცრებს რეგულირების არეალს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად აღარ განიხილავს მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფას, არამედ -  საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ მედიაში გამოთქმულ მოსაზრებებს. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ,,ქართული ოცნების“ წევრებმა სოციალურ ქსელში დაფიქსირებული აზრის გამო, არაერთ მოქალაქეს (მათ შორის, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს) უჩივლეს, რის საფუძველზეც, სასამართლომ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, განსაკუთრებით დაცვის ქვეშ ექცევა ხელისუფლების წარმომადგენელთა და საჯარო მოხელეების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვა.

ზემოთ განხილული საკანონმდებლო ინიციატივები სრულიად უგულებელყოფს სიტყვისა და გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლების უფლებებსა და საჯაროობის პრინციპს. ამასთან, ქმნის თვითცენზურის კლიმატს - როდესაც რეპრესიული კანონებიდან და მათი აღსრულების მეთოდებიდან გამომდინარე, პირები თავს იკავებენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვისგან.

სასამართლო სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებისა და კონსტიტუციური უფლებების სრული უგულებელყოფის პარალელურად, ხელფასები, ხშირ შემთხვევაში, უორმაგდებათ დასავლეთის მიერ სანქცირებულ (სასამართლოში პარტიული ინტერესების გატარებისთვის) მოსამართლეებს. 

ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში

ახალგორში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარმა არაერთმა საგანგაშო ინციდენტმა და დე ფაქტო მთავრობის აუდიტმა ბავშვთა უფლებების სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

10.07.2025
პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება – მორიგი ნაბიჯი დიქტატურისკენ

ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. 

24.06.2025