GEO   ENG
სიახლეები
რეპრესიული გარემო: დე ფაქტო აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების დევნა
17.07.2025

დე ფაქტო აფხაზეთში, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიმართ მკვეთრი რეპრესიული მიდგომებია. თავისუფალი სიტყვის სრულად გასაქრობად დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა, რომელიც რუსული რეჟიმისგან იღებს მითითებებს, იყენებს რეპრესიულ საკანონმდებლო ინსტრუმენტებს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციის პროპაგანდას და ფიზიკურ ძალადობასაც. ეს მექანიზმები განსაკუთრებით მიმართულია იმ პირების მიმართ, რომელბივ აკრიტიკებენ  დე ფაქტო სახელმწიფო აქტივების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს.

2023 წლის დეკემბერში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებას სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკით შეხვდა. საპასუხოდ, აფხაზეთის მთავრობამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მეშვეობით, საჯაროდ დაადანაშაულა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები „დივერსიულ საქმიანობაში“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ინტერესების“ გატარებაში. ფაქტობრივად, დე ფაქტო ხელისუფლებამ, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველად წარმოაჩინა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ბრალდებებს „ცილისწამება“ უწოდეს და მკაცრად დაგმეს.

2024 წელს, დე ფაქტო სახელმწიფო საკუთრების გადაცემის ე.წ. შეთანხმებების რატიფიკაციის შემდეგ, აფხაზეთში „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ დებატებმა არასამთავრობო სექტორის, როგორც „უცხოური ძალის აგენტების“, წინააღმდეგ კრიტიკის ახალი ტალღა ააგორა. აფხაზი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ალხას ტაგუშევი „ინვა-ასისტენსიდან“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მუშაობს, გამოთქვამდნენ შეშფოთებას დაანონსებული შეზღუდვების თაობაზე. ამ კანონს აიგივებდნენ საბჭოთა ეპოქის რეპრესიებთან და ხაზს უსვამდნენ სიტყვის თავისუფლებაზე საფრთხის შემცველ გავლენაზე.  

დემონიზაციის კამპანიამ, განსაკუთრებით საშიში სახე მიიღო სოხუმელ ჟურნალისტ დავით გობეჩიასა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტ ლია აგრბაზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ. ინციდენტი, რომელიც ფართოდ დაგმეს სხვადასხვა ორგანიზაციებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა,  ხაზს უსვამს მზარდ რისკებს, რომელთა წინაშეც დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკოსები დგანან.

აფხაზ სამოქალაქო საზოგადოებაზე ირიბი თუ პირდაპირი თავდასხმების გარდა, რუსეთის გავლენა უარყოფითად აისახა მედიის საქმიანობაზეც. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადა სამი აფხაზი ჟურნალისტი, „ნუჟნაია გაზეტას“ დამფუძნებელი იზიდა ჭანია, ტელეგრამ არხი „აიაშარის“ რედაქტორი ნიზფა არშბა და „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნიზფა არშბა რუსეთის მოქალაქე არ არის და მას მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეობა აქვს, დე ფაქტო აფხაზეთში კი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ კანონი დებატების მიუხედავათ არ მიუღიათ.

2025 წელს რუსეთის ფედერაციის გავლენა აფხაზეთის სამართლებრივ და იდეოლოგიურ ლანდშაფტზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მარტში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები ადგილობრივი და რუსული კანონმდებლობის ე.წ. „ჰარმონიზაციის“ მიზნით, აფხაზეთს ეწვივნენ. ვიზიტს დაემთხვა ბუნდოვანი ბრალდებებით, როგორიცაა „დაშინება და ტერორიზმი“, დაპატიმრებების სერია. 2025 წლის ივლისში კი, გალში, რუსეთის საელჩომ უმასპინძლა პროპაგანდისტულ ღონისძიებას სახელწოდებით „დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ოჯახის ინსტიტუტის მტრები“, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას და  დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფით ჭრილში წარმოჩენას. ღონისძიებაზე მთავარ მესიჯებს წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორის დადანაშაულება „ტრადიციული ოჯახების განადგურებაში, ახალგაზრდების კორუმპირებასა და დემოგრაფიული სტაბილურობის შელახვაში“.

აფხაზეთში, დე ფაქტო სახელისუფლებო ძალების მიერ სამოქალაქო საზოგადოების  სისტემატიური დევნა და რეპრესიები, რასაც რუსეთის გავლენების შედეგია, წარმოადგენს თავისუფლებების კრიტიკული შეზღუდვის დასტურს. ზეწოლა და შევიწროება მიზნად ისახავს თავისუფალი სუტყვისა და  ოპოზიციური განწყობების ჩახშობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ორგანიზაციებს, ასევე რეგიონის სტაბილურობას.

პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი

ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა.

10.11.2025
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები კი გამოიყენება ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

10.11.2025
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025