GEO   ENG
სიახლეები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები
15.04.2026

ახალგორის რაიონში თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და დაკითხვების შესახებ. აღნიშნულ მოქმედებებს, ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. КГБ-ს თანამშრომლებთან ერთად ცხინვალიდან ჩასული პირები ახორციელებენ.

გასულ კვირას ჩხრეკა ჩატარდა ადგილობრივი მამაკაცის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეროვნებით ოსია და არ გადაადგილდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი მეუღლე პერიოდულად კვეთს ე.წ. საზღვარს. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოჯახიდან მობილური ტელეფონები წაიღეს და საცხოვრებელი დეტალურად დაათვალიერეს, თუმცა არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდევ ერთ ოჯახში, სადაც მცხოვრები მამაკაცი უმუშევარია და ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა. მისი დაბრუნებიდან მალევე, მის საცხოვრებელ ბინაში, სარდაფსა და ეზოში ჩატარდა ჩხრეკა, მასაც წინამორბედის მსგავსად მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ოფიციალური განმარტება არცერთ შემთხვევაზე გაკეთებულა.

იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების ძებნის მოტივით, ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახში, სადაც მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვები ბავშვთა სახლში იზრდებიან. ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას მობილური ტელეფონები მათაც ჩამოართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი ჩხრეკა ამ ოჯახის ნათესავის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, რომელიც საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს.

აღინიშნება, რომ ჩხრეკები ორდერის გარეშე ტარდება და არ არის დაკავშირებული კონკრეტული საქმის გამოძიებასთან. ამ გარემოების მიუხედავად, მოსახლეობა შიშის გამო წინააღმდეგობას არ უწევს.

ადგილობრივების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა წარსულშიც არსებობდა, თუმცა ამჟამად მას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. მოსახლეობის ნაწილი ვერ ხსნის, რას ემსახურება აღნიშნული ქმედებები.

მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა უიმედობის განცდა ახალგორელებში. მობილური ტელეფონები მათთვის ხშირად ერთადერთი საშუალებაა ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, მათ შორის ვიდეოკავშირის გზით. არსებული პრაქტიკა კი ამ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026