GEO   ENG
ანგარიშები
DRI სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების თერთმეტი თვის შედეგებს აჯამებს
22.06.2020
საბოლოო ანგარიშში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სოციალურ და ონლაინ მედიაში ულტრამემარჯვენე დისკურსზე დაკვირვების თერთმეტი თვის შედეგებს აჯამებს. მონიტორინგის პროცესში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ სოციალური მედიის მკვლევარმა 12 ულტრამემარჯვენე ლიდერისა და 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული 20 235 სტატუსი შეისწავლა და 9 ონლიან გამოცემის ინტერნეტ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 2 317 სტატია გააანალიზა.

ულტრამემარჯვენე ლიდერებისა და ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული ულტრამემარჯვენე ნარატივები შინაარსობრივი მახასიათებლების მიხედვით ხუთ ძირითად ჯგუფად დავყავით: ქსენოფობიური, ჰომოფობიური, ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ნაციონალისტური დისკურსი. შესწავლილი პოსტების ჯამურმა ინტერაქციამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგულობით გამოირჩეოდა ნაციონალისტური და ანტილიბერალური შინაარსის მქონე პოსტები. ნაციონალისტური დისკურსი განსაკუთრებით დამახიასიათებელი იყო ფეისბუქ გვერდებისთვის „თურქეთი ოკუპანტია“, „დადუმებული ქართველობა“ და „კარდჰუ“, ხოლო ანტილიბერალური განწყობებით  “ანტილიბერალური ლიგა“, „ალტ-კლუბი“ და „Geo Pepe“  გამოირჩეოდა.

მედიამონიტორინგის ფარგლებში კი გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე რიტორიკა ონლაინ პლატფორმაზე  ორ ჯგუფად იყოფა: ღიად პრორუსული (საქინფორმი, საქართველო და მსოფლიო, სპუტნიკ საქართველო, News front Georgia) და მკვეთრად ანტიდასავლური (პოლიტიკანო, ალტ-ინფო, ზნეობა). ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები  ონლაინ პლატფორმას იყენებენ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებში ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად, ხოლო მეორე მხრივ, „გარყვნილი დასავლეთის“ საპირწონედ რუსეთის წარმოსაჩენად.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის სოციალური ქსელი მიმდევრების მოსაზიდად და ძირითადი გზავნილების გასავრცელებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მედიამონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე რიტორიკისთვის დამახასიათებელი სამი ძირითადი ნიშანი: 1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და, შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია; 2) კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა და პრორუსული გზავნილების გავრცელება; 3) ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელებით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა.
 
დაკვირვების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
  • საქართველოში მოქმედ, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს შორის არსებობს ქსელური კავშირები და ეს გვერდები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა თუ სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების რიტორიკაში შესამჩნევია ამერიკის დემონიზაციის მცდელობა და ანტილიბერალური გზავნილები
  • სოციალურ და ონლაინ მედიაში მიმდინარე ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება, ერთი მხრივ, ეთნონაციონალისტური თვისებებით, ხოლო, მეორე მხრივ, მკვეთრად პრორუსული გზავნილებით
  • ხდება ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დემონიზაცია; ჯორჯ სოროსი წარმოდგენილია როგორც გარყვნილების მთავარი დამკანონებელი
  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველაზე ხშირი ობიექტები არიან: ფემინისტები, მიგრანტები, ლგბტ თემი, მუსლიმები და ლიბერალები.
  • ონლაინ მედიაში რესპონდენტებად ყველაზე ხშირად იმ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს იწვევენ, რომლებიც საქართველოში ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს ქმნიან.
"სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები"
 
* * * *
დაკვირვება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026