GEO   ENG
სიახლეები
DRI: წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების და კონკრეტული სასულიერო პირების მონაწილეობა შეინიშნება
30.10.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას 2020 წლის 15 ოქტომბრიდან აკვირდება,[1] თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონიტორინგის შედეგები 15 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებსაც ეყრდნობა.
 
დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების წინასაარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ, კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან როგორც პირდაპირ მოწოდებებს საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ (ან საწინააღმდეგოდ), ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩეველის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
 
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები დაფუძნებულია საყოველთაობის, ფარულობის, თანასწორობის და თავისუფლების პრინციპებზე. ამომრჩეველმა თავისი გადაწყვეტილება - რომელ პოლიტიკურ ძალას ანდოს ქვეყნის მართვა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს. საქართველოს საარჩევნო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას და აგიტაციაში მონაწილეობას. შეზღუდვა არ ვრცელდება სასულიერო პირებზე.  თუმცა, რელიგიური ორგანიზაციების ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასულიერო პირის მიერ გაწეულმა აგიტაციამ, შესაძლოა ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე ზეგავლენა იქონიოს. 
 
2020 წლის 1 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის „ქართული იდეა“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც. 1-ლი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო აგიტაციის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
 
სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რელიგიურმა ორგანიზაციებმა და კონკრეტულმა სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისა და ისეთი ქმედებებისგან, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე.
 
 
დაკვირვება შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის  ფარგლებში, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია დემოკრატიის კვლების ინსტიტუტი, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. 


***
 
 
 
სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობის სავარაუდო ფაქტები (საილუსტრაციო ჩამონათვალი)
 
სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებები
 
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (წმინდა სინოდის წევრი) წლების განმავლობაში გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური განცხადებებით. 2020 წლის 4 ოქტომბერს მან ეპისკოპოსებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში. ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ძალა თუ პიროვნება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ იბრძოლებს.[2] 
15 ოქტომბერს ეპისკოპოსმა სასულიერო პირებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მოუწოდა თავი შეიკავონ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევისაგან.[3] 18 ოქტომბერს ქადაგებისას ეპისკოპოსმა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დადებით თვისებებზე გაამახვილა ყურადღება და მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.[4] 
წინასაარჩევნო პერიოდში ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებები შესაძლოა მისი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე მიუთითებდეს, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლისთვის კონკრეტული გზავნილია.  
ცურტაველი მიტროპოლიტი მამა ვახტანგი
14 ოქტომბერს დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ცურტაველმა მიტროპოლიტმა მამა ვახტანგმა (რომელიც ამავდროულად წმინდა სინოდის წევრია). მიტროპოლიტმა ხელისუფლება გააკრიტიკა და არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, „ყველა შესაცვლელია“.[5]
 
მამა მიქაელი (სულამანიძე)
26 ოქტომბერს მამა მიქაელმა (სულამანიძე) ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ქადაგების დროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული იდეის“ წარმომადგენლებს წირვაზე დასწრებისთვის და აღნიშნული საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი სიტყვა წარმოსთქვა, რაც წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.[6]
დეკანოზი შალვა კეკელია
აგიტაციად უნდა ჩაითვალოს დეკანოზ შალვა კეკელიას მხრიდან გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნატო ჩხეიძის მხარდაჭერა. კანდიდატის საარჩევნო ბუკლეტში მოყვანილია სასულიერო პირის განცხადება, სადაც ის მოსახლეობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ნატო ჩხეიძეს.[7]
 
მეუფე პეტრე (ცაავა)
 
28 ოქტომბერს მეუფე პეტრემ ტელეკომპანია პირველის  ეთერში გააკრიტიკა მმართველი პოლიტიკური ძალა, მათ მმართველობას უწოდა რეგრესის პერიოდი, საზოგადოებას მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.[8]
 
ბერმონაზონი გაბრიელი
 
29 ოქტომბერს სოციალური ქსელის მეშეობით გავრცელდა ვიდეო, სადაც ბერმონაზონი გაბრიელი ამომრჩეველს მოუწოდებს ,,თავისუფლებასა და მონობას შორის“ არჩევანის გაკეთებისკენ. მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანა ,,უფსკრულის პირას დგას“ და საზოგადოებამ, მხარი აღარ უნდა დაუჭიროს მმართველ პარტიას.[9]
 
 
მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა დასწრება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენაზე

1 სექტემბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ:
  • 2 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას გორში ესწრებოდა სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია[10]
  • 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ  დუგლაძის წარდგენას ქარელში მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ესწრებოდა[11]
  • 18 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ესწრებოდა,[12] რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის პატივის მიგება, მისი მოქალაქეობრივი ვალია[13]
  • 19 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენას ვანში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დაესწრო[14]
  • 20 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენას მეუფე გიორგი შალამბერიძე დაესწრო[15]
  • 9 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენას ნიკორწმინდის ეპისკოპოსი მეუფე ანტონი დაესწრო და აღნიშნა, რომ ამ გზით ის მთავრობას პატივს მიაგებდა[16]
  • 12 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენას არა ერთი სასულიერო პირი ესწრებოდა[17]
  • 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ სასულიერო პირები.[18] 
ასევე:
  • 12 ოქტომბერს სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტია „ქართული იდეის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენასაც.[19]
 
საარჩევნო სუბიექტთა მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების გამოყენების ფაქტები, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით
პარტია „ქართული ოცნება“
პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენაზე სასულიერო პირთა დასწრებით ხელისუფლება სავარაუდოდ, ცდილობს მათი ავტორიტეტის გამოყენებას არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად.
ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენების მცდელობად შეიძლება შეფასდეს პარტია :ქართული ოცნების“ მიერ 18 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ბაგრატის ტაძრის ეზოში. [20]
მმართველი პარტიის მიერ მოსახლეობისთვის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დარიგებულ ჟურნალში ილია მეორის ფოტოს ვხვდებით, რაც ასევე წარმოადგენს მმართველი პარტიის მხრიდან ეკლესიის (კონკორდატის მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას) ავტორიტეტის გამოყენების მცდელობას. 
პარტია „ევროპული საქართველო“
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქედის, შუახევის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატად ქართველ მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე - ტარიელ ნაკაიძე წარადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ მუსლიმთა კავშირი წარმოადგენს რელიგიურ ორგანიზაციას, კანდიდატად ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგენა, შესაძლოა, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდეს მიზნად.[21]
პარტია „პატრიოტთა ალიანსი“
ეკლესიის, როგორც რელიგიური ორგანიზაციის ავტორიტეტის გამოყენების მცდელობად შეიძლება შეფასდეს პირველ სექტემბერს, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა, რომელიც ბაგრატის ტაძარის ეზოში გაიმართა.[22]
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენების მცდელობად შეიძლება შეფასდეს ასევე, მათი მხრიდან დაწყებული კამპანია: „დაიცავი ეკლესია, დაიცავი პატრიარქი, დაიცავი საქართველო.“[23]
პარტია „ქართული იდეა“
15 ოქტომბერს პარტია „ქართული იდეის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მოწამეთას წმინდა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერში გადაღებული პარტიის წარმომადგენელთა და სასულიერო პირთა ერთობლივი ფოტო.[24]
 
 


 
 
[1] დაკვირვება შემოიფარგლება სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობის მხოლოდ იმ შემთხვევებით, რაც მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდა. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული სტატისტიკა საილუსტრაციოა.
[2] Mtavari.tv - მთავარი არხი (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 4.10.2020
DOGMA.GE ,საზოგადოებრივ-რელიგიური ამბები (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 4.10.2020 http://dogma.ge/?p=11652 [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[3] TV Pirveli - ტელეკომპანია პირველი (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 15.10.2020 https://www.facebook.com/347657975393516/posts/1759943157498317/ [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[4] TV Pirveli - ტელეკომპანია პირველი (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 18.10.2020 https://www.facebook.com/watch/live/?v=342903283484228&ref=watch_permalink [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[5] News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 14.10.2020
 https://www.facebook.com/watch/?v=354213702582660 [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[6] ქართული იდეა 44 - ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - qartuliidea.ge (ფეისბუქ-გვერდი) გამოქვეყნების თარიღი: 26.10.2020
https://www.facebook.com/qartuliidea44/videos/2481246532174439/  [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[7] isfed.ge (ვებ.გვერდი) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში, გამოქვეყნების თარიღი: 22.10.2020 
[8] TV Pirveli - ტელეკომპანია პირველი (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 28.10.2020 https://www.facebook.com/watch/?v=653612725328549 [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[9] ბერმონაზონი გაბრიელი (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 29.10.2020 https://www.facebook.com/watch/?v=697965147801820 [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
[10] ქართული ოცნება / Georgian Dream (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 02.09.2020 https://www.facebook.com/watch/?v=654202798854295 [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[11] Tabula.ge – ტაბულა (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 04.09.2020 http://www.tabula.ge/ge/story/177667-eklesiis-mtrebs-utsodebda-magram-meufe-iobi-isev-iq-zis-ocnebis-partiul-ghonisdziebaze [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[12] Mtavari.tv - მთავარი არხი (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 18.09.2020 https://mtavari.tv/news/16299-meupe-ioane-kutaisshi-otsnebis-partiul [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[13] Tabula.ge – ტაბულა (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 20.09.2020 https://www.tabula.ge/ge/story/178623-mitropoliti-ioanechemi-moqalaqeobrivi-movaleobaa-rom-pativi-mivago-xelisuflebas [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[14] Formulanews.ge - ფორმულა (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 20.09.2020
https://formulanews.ge/News/36995  [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[15] newpress.ge (ვებ-გვერდი),  გამოქვეყნების თარიღი: 20.09.2020
[16] newsreposr.ge (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 09.10.2020
https://rb.gy/rhg78e [ბოლოს ნანახია: 29.10.2020]
[17] mtavari.tv - მთავარი არხი, (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 12.10.2020
https://mtavari.tv/news/18830-meupeebi-otsnebis-ghonisdziebaze-mazhoritari [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
[18] sknews.ge (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 13.10.2020
http://sknews.ge/index.php?newsid=29721 [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
[19] ქართული იდეა 44 - ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - qartuliidea.ge (ფეისბუქ-გვერდი) გამოქვეყნების თარიღი: 12.10.2020 / 15.10.2020 https://www.facebook.com/qartuliidea44/photos/a.247345193302937/371648350872620/ [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
https://www.facebook.com/watch/?v=634867907418836 [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
[20] Tabula.ge – ტაბულა (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 18.09.2020 https://www.tabula.ge/ge/story/178570-bagratis-ezoshi-qutateli-mitropoliti-kubikze-zis-da-ocnebis-ghonisdziebas-estsreba [ბოლოს ნანახია: 30.10.2020]
[21] ევროპული საქართველო (ფეისბუქ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 03.08.2020 https://www.facebook.com/watch/live/?v=1088635758205784&ref=watch_permalink [ბოლოს ნანახია: 27.10.2020]
[22] Rustavi2.ge - რუსთავი 2 (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 01.09.2020 https://rustavi2.ge/ka/news/174287 [ბოლოს ნანახია: 27.10.2020]
[23] Timer.ge - თაიმერი (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 26.01.2020
https://www.timer.ge/saqarthvelos-patriottha-aliansi-akhal-kampanias-itskhebs/ [ბოლოს ნანახია: 27.10.2020]
netgazeti.ge - ნეტგაზეთი (ვებ-გვერდი), გამოქვეყნების თარიღი: 20.10.2020
https://netgazeti.ge/news/490601/ [ბოლოს ნანახია: 27.10.2002]
[24] ქართული იდეა 44 - ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის - qartuliidea.ge (ფეისბუქ-გვერდი) გამოქვეყნების თარიღი: 15.10.2020
 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024