GEO   ENG
ანგარიშები
DRI საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს აჯამებს
19.02.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებულ 40 აქციას და შეკრება/მანიფესტაციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სამ სასამართლო პროცესს დააკვირდა. დაკვირვების მიზანს წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში და არჩევნების დღის შემდეგ პოლიტიკური შეკრების თავისუფლების ხარისხს შეფასება წარმოადგენდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებამ და მიმდინარე მოვლენების სამართლებრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ გასულ წლებთან შედარებით, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხი გაუარესდა. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და საპარლამენტო კონტროლის შესუსტება, ასევე, ხელისუფლების მიერ შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფა.

აქციებზე დაკვირვება დაძაბული პოლიტიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობდა. პრობლემათა ჩამონათვალს ოქტომბრიდან კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის ნახტომისებური ზრდა დაემატა, რამაც, როგორც მმართველი ძალა, ასევე, პოლიტიკური ოპოზიცია დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა. არსებული პრობლემების პასუხად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკურ სპექტრს არჩევნების დღემდე თავყრილობების სრული თავისუფლება მისცა და კორონა ვირუსის გავრცელებაზე პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა მას დააკისრა. თავის მხრივ, ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ ფაქტობრივად უარი თქვა საკანონმდებლო და ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებაზე და 2020 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებებით, საკუთარი უფლებამოსილების ნაწილი სამთავრობო სტრუქტურებს გადასცა, რითაც საზოგადოებას წაართვა შეზღუდვების მიზანშეწონილობის განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა.
მეორე მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი აქციების მიმდინარეობისას შეკრების მონაწილეთა მხრიდან კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორების მხრიდან ხშირ შემთხვევაში მიღებული იყო ვირუსის პრევენციისათვის აუცილებელი ზომები, მრავალრიცხოვანი აქციების შემთხვევაში, არ იყო დაცული ფიზიკური დისტანცია და ხშირად აქციის მონაწილეებს არასწორად ეკეთათ პირბადეები.

როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები შეკრების მონაწილეთა ქმედებებზე შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებდნენ. მაგალითად, როდესაც სამართალდამცველებმა სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებს აქციაზე შეშის შეტანისა და ღობეებზე პლაკატების გაკვრის უფლება არ მისცეს, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული გაერთიანების წევრების გაცილებით ინტენსიურ სამართალდარღვევებზე სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა სასამართლო სხდომების მონიტორინგმა ცხადყო, რომ სასამართლოში შეკრებისა და მანიფესტაციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების უფლებათა დაცვის სტანდარტმა მნიშვნელოვნად დაიწია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სასამართლომ დაკავებული პირები სამართალდარღვევებად მხოლოდ პატრულ-ინსპექტორთა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებათა საფუძველზე ცნო. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ 2019 წლის 31 დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებისგან, როდესაც სასამართლო მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევისას მიღებულ შედეგებს დაეყრდნო, რაც ხშირ შემთხვევაში არსებითად ეწინააღმდეგებოდა მოწმედ დაკითხულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებს.

„საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“
დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024