GEO   ENG
სიახლეები
2019 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონიტორინგის შედეგები
18.06.2019
2019 წლის 14 ივნისს, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომლითაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაეშვათ საქართველოში თბილისი პრაიდის ჩატარება, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის „სახელმწიფო, სად ხარ?!“ ჩატარება დაანონსა. ლგბტ+ აქტივისტების ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ოფიციალური განცხადების გაკეთება „თბილისი პრაიდის” გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ 19:00 საათისთვის დაიგეგმა.

დაანონსებულ დროს, აქციის მონაწილეებს და მათ მხარდამჭერებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიურად განწყობილი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების სამასამდე წარმომადგენელი და მათი ლიდერები დახვდნენ. კონტრაქცია ორგანზიებული იყო გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის და ზვიად ტომარაძის მიერ, რომელთაც შეუერთდნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების სხვა ლიდერებიც: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლევან ჩაჩუა და ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

აგრესიის ძირითადი სამიზნე, რომელთა წინააღმდეგაც ყველაზე ხშირად ახდენდნენ რეფლექსიას ულტრა-მემარჯვენე აქტივისტები, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები იყვნენ. “თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერთა აქციაში ათამდე პირი მონაწილეობდა. რამდენიმე შემთხვევაში, კონტრაქციის წარმომადგენლებმა მათ ბურთი, კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.

სამართალდამცავებმა აქციის დაწყებისთანავე განაცალკევეს ლგბტ+ აქტივისტები კონტრდემონსტრანტებისაგან და მათ მთელი აქციის განმავლობაში კიბეზე, პოლიციის კორდონით გარშემორტყმულს მოუწიათ ყოფნა. ასევე, პოლიციის მხრიდან შესამჩნევი იყო ერთგვარი დაბნეულობა აქციისა და კონტრაქციის საწყის ეტაპზე. ისინი ვერ ახდენდენ მონაწილეების იდენტიფიცირებას და რამდენიმე დარღვევაზე, ბურთის სროლასა თუ ჟურნალისტისთვის ტელეფონის გატეხვაზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

კონტრაქციის მიმდინარეობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“, „ნეტგაზეთის“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს. მუქარისა და აგრესიის სამიზნე ასევე გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეც. აქციის დასასრულისკენ, კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე აქტივისტი ნატა ფერაძის ფიზიკური განადგურების მუქარის გამო დააკავეს. აქციაზე სამართალდამცავება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისათვის დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე, რომელთა შორისაც იყო გურამ ფალავადიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად.

კონტრაქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ ძალადობრივი, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი შეძახილებით. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორების დაკვირვებით, რომლებიც მონიტორინგს უწევდნენ აქციის მიმდინარეობას, ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავდა არა მხოლოდ კონტრაქციის მონაწილეების, არამედ კონტრაქციის ლიდერების მოწოდებებიც. "ვაპირებთ, სანამ ესენი არ დაიშლებიან აქ ვიყოთ და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია” - განაცხადა კონტრ-აქციის ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა. ლევან ვასაძემ კი მიმდინარე აქციას უწოდა „გარყვნილების ზეიმი“ და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა თბილისი პრაიდის ჩატარებას.

კონტრაქციაზე გაიჟღერა ანტიდასავლურმა, ანტიამერიკულმა და პრორუსულმა გზავნილებმა. კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - ლევან ვასაძემ განაცხდა, რომ “ჩვენი ქვეყნის საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ.” მან ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი დასავლური საელჩოს მხრიდან განხორციელდა ზეწოლა საპატრიაქროზე, ლგბტ+ პრაიდის ჩატარების მხარდაჭერის მიზნით. კონტრააქცის კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აქტიურად აანონსებდა პერმანენტულ აქციებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წინ.

აღნიშნული შინაარსის გზავნილები აღინიშნებოდა როგორც ორგანიზატორების, ისე სასულიერო პირების მხრიდან. მამა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ „მსგავსი გარყვნილების დამკანონებელი დასავლეთი სძულთ ქართველებს და სწორედ ამიტომ უყვართ რუსეთი”.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დააკვირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობას და შედეგებს, საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების ჩათვლით. 14 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების შემდგომი პრევენციისათვის.

ამასთან, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა, პირველ რიგში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 31 მაისს გაკეთებული განცხადების მიუხედავად, აიღოს პასუხისმგებლობა „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფაზე.
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024