GEO   ENG
სიახლეები
ღია წერილი საქართველოს მთავრობას კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ
21.03.2021
საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, 2010 წელს, ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შემუშავდა. ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე. სტრატეგიის მიღებისთანავე, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი რეალიზაცია გართულდებოდა და ვერც სათანადო შედეგებს მოიტანდა.

დღეს, სტრატეგიის მიღებიდან 11 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტმა დიდწილად მართლაც ვერ იმუშავა.

ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. მითუმეტეს, რომ განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ასე, მაგალითად: 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას ეწევა; ორჯერ ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (2016, 2020), რითაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა; რუსეთმა დახვეწა და აქტიურად იყენებს რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, როგორც უშუალო სამეზობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებიც. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა - ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება.

სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა; პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი), ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა.

კარგად გვესმის, რომ 90-იანი წლებიდან დაგროვილი, უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა ერთიანად და სწრაფად ვერ მოხერხდება. ამასთანავე, მათ ეტაპობრივ მოგვარებას, საერთო ეროვნული ძალისხმევა და პრაგმატული მიდგომები ესაჭიროება. შესაბამისად, დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება, როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ); ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს. 
ახალგორში კვლავ მწვავედ დგას ჯანმრთელობის დაცვის პრობლემები

მიმდინარე წლის მარტში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.  პაციენტთა ნაკადის ზრდამ ახალაგორის სამედიცინო დაწესებულების მომსახურება შეაფერხა. 

07.04.2025
სისტემური პრობლემები და პარტიული ინტერესები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

სუს-ის სამსახურის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ნათელი დასტურია იმის, რომ უწყება დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. 

07.04.2025
“ქართული ოცნების” საგამოძიებო კომისიის საგამოძიებო თემატიკა ანტისახელმწიფოებრივია

ქართული ოცნება” მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება 2008 წლის ომის შესახებ საერთაშორისო გამოძიების შედეგების უგულებელყოფას და მთავარ დამნაშავედ ქართული მხარის წარმოჩენას. 

03.04.2025