GEO   ENG
სიახლეები
ჯაბიევის საქმის არაეფექტური გამოძიება, ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა და რეპრესიები ცხინვალში
31.05.2021
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შსს მინისტრის ავტომობილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 30 წლის ინალ ჯაბიევი, რამდენიმე დღიანი დაკითხვის შემდეგ, 2020 წლის 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ამავდროულად, მისმა საქმემ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში არსებული სერიოზული სისტემური პრობლემები გამოააშკარავა. ჯაბიევის საქმეში სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევების მთელი ჯაჭვი: სიცოცხლის უფლების ხელყოფა; წამება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლების წართმევა; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა; ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვა და სხვ.
 
რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მთელ რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ ინალ ჯაბიევის საქმეზე - გარდაცვლილის ცხედრის, არასანდო სამედიცინო დასკვნა, რუსეთის ფედერაციის მთავარ სასამართლო მედიცინისა და ექსპერტიზის №111 ცენტრში, მოსკოვში, ჩატარდა.  სახეზეა, არაეფექტური გამოძიება, ძალადობა მოწმეებზე, მცდარი სამედიცინო დასკვნის გამყარების მცდელობა - თითქოს ჯაბიევი ე.წ „ლომკის“ გამო გულის შეტევით გარდაიცვალა და არა წამების შედეგად.
 
ინალ ჯაბიევის საქმეზე მასშტაბური პროტესტის დაწყების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება იმ ადამიანებზე ზეწოლა და დევნა, ვინც რაიმე ფორმით მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ან მხარს უჭერდა ჯაბიევის ოჯახს.
  • დე ფაქტო პროკურატურამ აცამაზ ჯაბიევი, გარდაცვლილის ძმა, ძებნილად გამოაცხადა. აქციაზე და პროკურატურაში უცენზურო ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამების გამო;
  • სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო დაწესებულებების“ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აფრთხილებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში;
  • ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ მასთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვი და გერსან კულუმბეგოვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკითხვაზე მათ ე.წ მილიციის თანამშრომელმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა განმეორებით წამებას.
 
ინალ ჯაბიევი დაკავებისას არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატით. მის მეუღლეს, როგორც მის უფლებამონაცვლეს/დაზარალებულს, დღემდე ეზღუდება დაცვის უფლება. ცხინვალში, სადაც ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტი უკიდურესად დაბალია, ადვოკატის ყოლა ერთადერთი სამართლებრივი საშუალებაა საკუთარი ინტერესების დასაცავად. თუმცა, ჯაბიევის ოჯახს მათ მიერ არჩეულ ადვოკატზე ხელმისაწვდომობას დღემდე უზღუდავენ.
 
რეგიონში ადგილობრივ ადვოკატებს ძირითადად მხოლოდ სამოქალაქო ან მარტივი სისხლის სამართლის საქმეების დროს მიმართავენ, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკურად სენსიტიურია, ყოველთვის ამჯობინებენ რუსეთიდან ჩამოიყვანონ ადვოკატი.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთიდან მოწვეულ ადვოკატს ცხინვალიდან ემუქრებიან და ადგილზე ჩასვლას უკრძალავენ. იგი უკვე ორი თვეა, აკრედიტაციის მიღებას ელოდება, მაგრამ პროცესი ჭიანურდება. მიუხედავად მუქარისა, ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეზე მუშაობას აგრძელებს. როგორც წესი, საადვოკატო საქმიანობის ნებართვის მიღების ვადა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ერთი თვეა. ის, რომ ჯაბიევის საქმეში ბრალდებულ სამართალდამცველებს უკვე ჰყავთ ადვოკატი რუსეთიდან, რომელსაც აკრედიტაციის მიღებაზე პრობლემა არ შექმნია, კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქმისადმი შერჩევით მიდგომაზე.
 
სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, მათ შორის ინალ ჯაბიევის სიცოცხლის უფლების დარღვევა და მისი თანმდევი პროცესები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს - დაინტერესდნენ ჯაბიევის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და გააქტიურონ მუშაობა სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით;
 
მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას -ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა და ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.

სრული ინფორმაცია ჯაბიევის საქმეზე იხილეთ აქ
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026