GEO   ENG
სიახლეები
გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსია - სოფელში რუსეთთან ანგარიშვალდებული გამგებელი დაინიშნა
18.06.2021
რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა. ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად.[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.
 
DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ, საკითხი დროებით შეჩერდა. სიტუაცია რადიკალურად 2008 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა და აფხაზეთთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია და დემარკაცია მოითხოვა. საინფორმაციო ნიადაგის მომზადება 2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. რუსულმა მხარემ გააქტიურა სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების გამოცემა, კონფერენციების ჩატარება სოხუმში, სადაც „კვლევებით“ ამტკიცებდნენ, რომ სოფელი აიბღა კრასნოდარის ოლქის ნაწილი იყო. ამის საპასუხოდ და შესაძლო ანექსიის პრევენციისთვის, 2010 წლის 21 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო  კანონი „აფხაზეთის  რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესახებ“, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის  გადის სსრკ-ში აღიარებული საზღვრების პერიმეტრზე.“ ამით სოფელი აიბღა რჩებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში. 2010 წელს აფხაზებმა რუსეთის შეთავაზებაზე, სოფელი დაეთმოთ, კატეგორიული უარი თქვეს, თუმცა რუსეთმა პროცესი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს განაახლა. აფხაზეთს შესთავაზეს შეჯიბრებების ნაწილის აიბღაში ჩატარება, სპორტულ ღონისძიებებში სოფლის ჩართვა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს შეთავაზება უარყო.[2]
 
ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა.[3] 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია. სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რასაც აფხაზეთი, საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა. 2019 წლისთვის სოფელში აღარ ფუნქციონირებდა ორი არსებული სკოლიდან არც ერთი, არ იყო სამედიცინო პუნქტი, გაჩნდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზვავების ჩამოწოლის შედეგად გზები ისე გაფუჭდა, რომ  დაბლობზე ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. ეს გარემოება, რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც წარმატებით გამოიყენა სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიისთვის.
 
2020 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გამგებელს მიმართა და ადგილზე არსებული გაუსაძლისი პირობების შეცვლაში „დახმარება სთხოვა“. აფხაზები ვარაუდობენ, რომ ეს მიმართვა რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორგანიზებული იყო. „ხალხის მიმართვას“ რუსეთის მხრიდან მყისიერი  ქმედებებიც მოჰყვა, ისე, რომ აფხაზებისთვის ნებართვა არავის უკითხავს. რუსებმა სოფელს ელექტროენერგიის და სატრანსპორტო ლოჯისტიკის პრობლემა მოუგვარეს, ზაფხულში სოჭის მერიის დაფინანსებით გაიყვანეს ახალი გზა, ააშენეს ახალი ხიდი და სოფელი მდინარე ფსოუსთან პირდაპირ დააკავშირეს, თუმცა ამ გზით ჩამოსულები ფსოუს რუსულ და არა აფხაზურ მხარეს ხვდებიან.[4] აიბღაში აქტიურად დაიწყეს ექიმების ბრიგადების და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა, ასევე, სოფელში მცხოვრები მამაკაცების დასაქმება ადლერსა და სოჭში.
 
2020 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნული პროცესების საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარე ფსოუსთან ახლად აშენებულ, დამაკავშირებელ გადასასვლელ ხიდზე სასაზღვრო პუნქტი გახსნა. სასაზღვრო პუნქტის გახსნას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოხუმიდან მოსალაპარაკებლად ჩასულ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციას იქაურმა მოსახლეობამ პირდაპირ განუცხადა, რომ მათ სურთ სოფელი აიბგა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. 2020 წლის 13 ნოემბერს, პუტინთან შეხვედრის დროს, ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ დღის წესრიგში დააყენა. მაშინ პუტინმა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის პირობა დადო.
 
სოხუმის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ასტამურ ლოგუამ 2021 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადებებს მიღმა, აფხაზები თვლიან, რომ აიბღა დაკარგულია.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია[5] - სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.
 
საქართველოს ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
 


 
[1]  Vestum, 2021,  “Справочник Сочи  Адлерский район”, ხელმისაწვდომია https://bit.ly/2S2LcWw, ნანახია 16.06.2021
[2]ნეტგაზეთი, 2019, „საუბარი იმაზე, რომ აფხაზური სოფელი აიბღა რუსეთს მიეკუთვნება არასწორია - აფხაზი მინისტრი“, ხელმისაწვდომია https://netgazeti.ge/news/387945/, ნანახია 16.06.2021
[3]რადიო თავისუფლება, 2019, „როდის მიითვისა აიბღის მთა რუსეთმა“ ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/30121816.html, ნანახია 16.06.2021
[4] Jam news, 2020, „საფეხმავლო ხიდმარუსეთის საზღვართან აფხაზეთი ააფორიაქა“, ხელმისაწვდომია https://jam-news.net/ge/afkhazeti-ruseti-aibga-sazghvari-khidi/, ნანახია 16.06.2021
[5]Jam news, 2020, „აფხაზეთს, ცხინვალს, დნესტრისპირეთს და დონბასს რუსეთის მიერ ანექსიისთვის ამზადებენ?“ხელმისაწვდომია  https://jam-news.net/ge/ruseti-aneqsia-afkhazeti-samkhret-oseti/, ნანახია 16.06.2021
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024