GEO   ENG
ანგარიშები
ივლისის თვის მონიტორინგის შედეგები
02.08.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განაგრძობს ულტრანაციონალური და ულტრამემარჯვენე დისკურსის შესწავლას საქართველოში. ივლისის თვეში საკვლევ ობიექტებად განისაზღვრა 15 ულტრამემარჯვენე ჯგუფი და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდები. გარდა ამისა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ცხრა ონლაინ მედია გამოცემის მონიტორინგსაც აწარმოებდა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ულტრამემარჯვენე რიტორიკის ძირითადი მახასიათებლები და სამიზნე ჯგუფები.

ისევე, როგორც გასული ორი თვის განმავლობაში, ივლისშიც ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდებოდა მკვეთრად ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით. ანტილიბერალური გზავნილების ტირაჟირების, მოსახლეობაში ქსენოფობიური და ისლამოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის პარალელურად, ივლისში გამოიკვეთა სამი ძირითადი თემა: 1. „თბილისი პრაიდის” ფონზე განსაკუთრებით გაძლიერდა ჰომოფობიური დისკურსი. 2. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. 3. დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები.

სოციალური მედიის მიმდინარე მონიტორინგმა ასევე დაადასტურა ულტრამემარჯვე ლიდერებსა და ცალკეულ სასულიერო პირებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით კი ,,ანტიდისკრიმინაციული კანონისა” და „გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის ორგანიზების კონტექსტში.

ივლისში ქართულ ულტრამემარჯვე დისკურსში თვალშისაცემი იყო ანტისაიმიგრაციო კამპანიის წარმოება, რომელიც ხასიათდებოდა ეთნონაციონალიზმით, რაც მთელ რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო პრორუსული ნარატივების გავრცელებასთანაც. ულტრამემარჯვენე დისკურსში შესამჩნევი იყო ევროკავშირის დემონიზაცია და მისი გაიგივება მართლმადიდებლობის გმობასთან, პედოფილიასთან და გარყვნილებასთან. ონლაინ მედიაში შესამჩნევ ტენდენციად დარჩა რესპონდენტებად ისეთი პოლიტიკოსებისა და ლიდერების მოწვევა, რომლებიც ქმნიან ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს საქართველოში (ირმა ინაშვილი, ლევან ჩაჩუა, ჯონდი ბაღათურია, სანდრო ბრეგაძე, კონსტანტინე მორგოშია და ა,შ).

ონლაინ გამოცემებში პრორუსული ნარატივების გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა „საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო გუნდი. მათ აქტიურად გააშუქეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის მისამართით და, ამავე დროს, პოზიტიური სტატია მიუძღვნეს ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ქართველი ერის პატივისცემის გამო.

ივლისის თვეში ანტილიბერალური გზავნილების გააქტიურება ასევე დაკავშირებული იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან. სწორედ ეს ტელევიზიაა გაიგივებული ლიბერალიზმთან და ეროვნული ინეტერესების გმობასთან.

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026