GEO   ENG
სიახლეები
DRI: საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს
28.09.2021
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომლის მიხედვით, ეკლესიას შეუძლია პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს,[1] რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება.[2] საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია.

მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია.[3] განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის როგორც 2020, ისე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ (რაც, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაში ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში).[4]

ნიშანდობლივია, რომ სასულიერო პირების რიტორიკა ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, სუს-ი, სავარაუდოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ახორციელებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, ყველა რანგის სასულიერო პირზე. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  თუ ტელევიზიები მათთვის არასასურველი ფორმულირებით გააშუქებენ ფარული ჩანაწერებში არსებულ ფაილებს, მაშინ მრევლს პირდაპირ მოუწოდებენ, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე.[5] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა.

კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, მის წარმომადგენლებს და ყველა დონის სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი ფორმით ჩარევისაგან.




[1] საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45, პუნქტი 4, ქვეპუნქტი ზ
[2] საქართველოს პარლამენტის დადგენილება, „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1
[3] Gtu.ge (ვებ-გვერდი), სვეტიცხოველი, სამეცნიერო ისტორიული ჟურნალი, https://gtu.ge/Library/Pdf/sveticxoveli_2_2012.pdf?fbclid=IwAR2lZ9Y6kX3R1QT0tLRCbXABG9NsOHkcACWlSF9uwtpT2br-k5J5m3TRYCI , გვ.10 , 2012
[4] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (ვებ-გვერდი), „რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში“, 2020
„რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი“, 2021 http://www.democracyresearch.org/geo/735
[5] შაბათის ფორმულა, (ფეისბუქ-გვერდი) https://www.facebook.com/watch/?v=352333906620925&ref=sharing
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026