GEO   ENG
ანგარიშები
პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიისადმი ერთგულების დემონსტრირების ინტენსიურობა 2021 წლის არჩევნებს სხვა არჩევნებისგან განასხვავებს
29.10.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების მეორე ტურის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგი მოიცავს 2 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. დოკუმენტში მოცემულია სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში  მონაწილეობის ფაქტები. მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის მნიშვნელობა, როგორც საარჩევნო პროცესებზე, ისე სასულიერო პირებზე.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, მღვდელმსახურების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სასულიერო პირების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პატრიარქისა და ეკლესიისადმი ერთგულების დასამტკიცებლად, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეკლესიისადმი ერთგულების დემონსტრირების განსაკუთრებული ინტენსივობა სწორედ ის ნიშანია, რაც 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს უკანასკნელი წლების არჩევნებისგან განასხვავებს. ეკლესიის სახელმწიფოს ფუნდამენტში მოაზრება და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობაზე, ასეთი აქტუალური არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ ყოფილა.
 
საქართველო მულტიეთნიკური სახელმწიფოა, მრავალფეროვანი რელიგიური დემოგრაფიით. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. თუმცა, „ქართული ოცნების“ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, შლის ზღვარს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის  და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც სეკულარული სახელმწიფოს იდეას.
 
მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდი თვალსაჩინო იყო პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის სასარგებლოდ პოზიციების ცვალებადობითაც. რელიგიურობის და პატრიარქისადმი ერთგულების დამტკიცების არაერთი მცდელობა ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს.
 
მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მიგნება. პირველი, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრება-გათავისუფლების საკითხმა სასულიერო პირებს შორის აზრთა მკაფიო სხვადასხვაობა გამოიწვია და გაამყარა აქამდე არსებული მოსაზრებები, რომ ღვთისმსახურები ძალაუფლების შესანარჩუნებლად აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მეორე, გამოიკვეთა მორალური და ზნეობრივი საკითხებით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკლესიის და რელიგიის  „გამოყენების“ პრაქტიკასთან.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. 

რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026