GEO   ENG
ანგარიშები
სოციალური და ონლაინ მედია მონიტორინგის შედეგები ოქტომბრის ანგარიში
06.11.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე დისკურსის შესწავლას საქართველოში. ოქტომბრის თვეში საკვლევ ობიექტებად განსაზღვრული იყო 15 ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდები. გარდა ამისა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ცხრა ონლაინ გამოცემის მონიტორინგსაც აწარმოებდა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი ტენდენციები, რითაც ხასიათდება ულტრა-მემარჯვენე რიტორიკა საქართველოში.

ოქტომბერში მიმდინარე მედიამონიტორინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ლიდერები აქტიურად იყენებენ ონლაინ მედიისა და სოციალური ქსელების პლატფორმას საკუთარი იდეების გასაჟღერებლად და მიმდევრების მოსაზიდად.

მკვეთრად სექსისტური

ოქტომბრის თვეში ულტრამემარჯვენე რიტორიკა, წინა თვეებთან შედარებით, მკვეთრად ანტიფემინისტური და სექსისტური გზავნილებით ხასიათდებოდა. 5 ოქტოემბერს ილია ჯიშკარიანს - საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, თანამშრომელმა ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურების მცდელობაში. მოგვიანებით თამთა თოდაძე საგამოძიებო უწყებებმა დაზარალებულად ცნეს. ამის საპასუხოდ, სოციალურ მედიაში თამთა თოდაძის დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდები “ანტი-პარადოქსი”, “კარდჰუ”, “geo pepe” და “ქართული გვერდი.” აღნიშნულმა გვერდებმა რამდენიმე განსხვავებული შინაარსის მქონე გზავნილი გაავრცელეს, რომლის მთავარი მიზანიც საკრებულოს დეპუტატის დაცვა და, შესაბამისად, თამთა თოდაძის დისკრედიტაცია იყო.

თამთა თოდაძის წინააღმდეგ იდენტური ინფორმაცია გაავრცელეს ხელისუფლებისადმი ლოიალურობით გამორჩეულმა მედია საშუალებებმაც, როგორებიც არიან: საინფორმაციო სააგენტო პირველი და Plus.kvira.ge, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ულტრამემარჯვენე ჯგუფების სახელისუფლებო გუნდთან შესაძლო კავშირის შესახებ.

პრორუსული

ოქტომბრის თვეშიც შესამჩნევი იყო “სპუტნიკ საქართველოს,” “საქინფორმის,” “საქართველო და მსოფლიოს” და „ალტ-ინფოს" მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკა. ამის პარარელურად, ეს მედია საშუალებები აქტიურად ეწეოდნენ დასავლეთის დისკრედიტაციას, მათ შორის, ფაქტების დამახინჯების გზით.[1]

არმენოფობიული გზავნილები და რუსული კვალი

ოქტომბრის თვეში ვებ-გამოცემა “კავკაზპლიუსმა” მკვეთრად არმენოფობიური გზავნილები გაავრცელა. ნიშანდობლივია, რომ სტატიების სრულ უმეტესობაში პირველწყაროდ მითითებული იყო ისეთი რუსულენოვანი და პროპაგანდისტული გამოცემები, როგორებიცაა: “სპუტნიკი”, “regnum.ru” და „aif.ru.“ გამოცემამ მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით და სრულიად დაუსაბუთებლად დაასკვნა სომხეთის ინტერესების შესახებ სამცხე-ჯავახეთში და ბავრა-ნინოწმინდის გზის შეკეთების აუცილებლობის მიღმა აგრესიისა და სეპარატიზმის მხარდაჭერის საფრთხე დაინახა.

 

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

 

[1] 10 ოქტომბერს „ალტ-ინფოს“ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მეთიუ ბრაიზას შესახებ, სადაც საუბარია საქართველოს მხრიდან ტერიტორიების საბოლოოო დაკარგვაზე. ,,მეთიუ ბრაიზა: რუსეთი იქიდან არასდროს წავა” ვკითხულობთ სტატიის სათაურშივე. მეთიუ ბრაიზას ეს სიტყვები ამოიღეს, 8 ოქტომბერს უკრაინულ ტელე-არხ ,,ესპრესოსთან” მიცემული ინტერვიუდან. “ალტ-ინფომ” და “საქინფორმმა” დაამახინჯეს ფაქტები და კონტექსტიდან ამოვარდნილი ციტატა გამოიყენეს.

DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024