GEO   ENG
სიახლეები
ქალთა სიკვდილიანობა და აკრძალული აბორტი აფხაზეთში
10.12.2021
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ხუთი წლის წინ მიღებული რეგულაციით აბორტი აკრძალა, რის გამოც უკანონო აბორტების რიცხვი გაიზარდა, მიღებული გადაწყვეტილება კი ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე აისახა. ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტში ცვლილებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2015 წლის 18 დეკემბერს უყარა კენჭი, რომელიც 2016 წლის 9 თებერვალს ამოქმედდა. კანონის თანახმად, ნებისმიერი სახის აბორტი აკრძალულია, მათ შორის, სამედიცინო მოსაზრებებით.

ქალები აფხაზეთში საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს წარმოადგენენ. საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ქალი პატივსაცემი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც შვილებს გააჩენს.

პრობლემა კომპლექსურია და რეგიონში ქალთა უფლებების დაცვის დაბალი სტანდარტიდან იღებს სათავეს. აფხაზეთში 2016 წელს აბორტის უფლების სრულად გაუქმებით შეიქმნა ქალის კონტროლის მექანიზმი. აბორტის აკრძალვა დასაბუთებული იყო რელიგიური მოსაზრებით, რომ „ნებისმიერი ცოცხალი არსება“ უნდა დაიბადოს; მეორე არგუმენტი იყო შობადობის გაზრდა ეთნიკურად აფხაზების გასამრავლებლად. ქალის ორგანიზმი გამოცხადდა გამრავლებისთვის საჭირო ობიექტად და პარლამენტმა ქალის ჯანმრთელობისა და თავისუფალი არჩევანის უფლება სრულიად უგულებელყო.

2021 წლის 27 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ტრაგიკული ისტორია ქალისა, რომელსაც უარი უთხრეს სამედიცინო მიზნებისთვის აუცილებელ აბორტზე, მიუხედავად იმისა, რომ, ექიმების დასკვნით, ნაყოფი დაბადებისთანავე დაიღუპებოდა. დაზარებული შეხვდა ადგილობრივ პოლიტიკოსებს, თუმცა მას განუცხადეს, რომ ცოცხალი არსების მოკვლა (აბორტი) აკრძალულია.

ამ შემთხვევამ საფუძველი დაუდო ადგილობრივ საპროტესტო მუხტს. ქალებმა სოციალურ ქსელებში გაბედეს ამ თემაზე ღიად ლაპარაკი. შედეგად გამოიკვეთა, რომ აფხაზეთში ქალთა სიკვდილიანობა მაღალია. იმის გამო, რომ აბორტი აკრძალულია, ქალები, რომლებსაც ნაყოფის მოშორება სურთ, სოჭში მიდიან, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ, ცალკეულ შემთხვევებში კი უკან აღარ ბრუნდებიან - დაგვიანებული სამედიცინო მანიპულაცია ზოგჯერ ლეტალურად სრულდება. ასევე, მაღალია „იატაკქვეშა“ აბორტის შემთხვევები. სოციალურად მაღალ ფენას შეუძლია რუსეთში წასვლით მოაგვაროს მსგავსი საკითხები, საშუალო და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები კი იჩაგრებიან - ისინი კონტროლდებიან და ჯანმრთელობის უფლებით ვერ სარგებლობენ.

ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბორტის აკრძალვის ინიციატივა თავდაპირველად წამოვიდა ლეონიდ სევასტიანოვისგან, რომელიც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია (ფონდის დამფუძნებელია ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი). ფონდი  დაფუძნებულია რუსეთში და ხასიათდება რადიკალური ანტიდასავლური რიტორიკით. ფონდის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული „კვლევის“ შედეგებიდან გამომდინარე, ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ აბორტების აკრძალვისა და ბავშვის დაბადების უფლების დაცვის „აუცილებლობა“ დაინახა. აბორტის აკრძალვის მოთხოვნით დაწყებულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო იდეის პოპულარიზაციას, რაც კანონის მიღებით დასრულდა. ამჟამად აფხაზეთში აღიარებენ, რომ კანონმდებლობა მკაცრია, შობადობის პრობლემა არ მოგვარებულა, ქალების სიკვდილიანობამ მოიმატა, ხოლო მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა გაუარესდა.

აფხაზეთში აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით რაიმე სახის კვალიფიციური, სანდო კვლევა არ ჩატარებულა. ცნობილი არ არის, ზუსტად რამდენი ქალი მიემგზავრება აფხაზეთიდან მეზობელ ქვეყნებში აბორტისთვის ან ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ადგილობრივებისთვის ამგვარი სამედიცინო პროცედურისთვის სხვა ქვეყანაში გამგზავრება. ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოძიება რთულია, თუმცა აშკარაა, რომ პრობლემა მწვავდება.

აუცილებელია, აფხაზეთში უზრუნველყოფილი იყოს ქალთა უფლებების დაცვა და მათი, როგორც უფლების სუბიექტების, აღიარება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რეკომენდაციაა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ განსაზღვრული აბორტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტს  შეესაბამებოდეს.
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024
როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ
12 საზოგადოებრმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
11.04.2024