GEO   ENG
სიახლეები
კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციის მონიტორინგის შედეგები
11.11.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების მიერ კინოფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ’’ ჩაშლის მიზნით კინოთეატრ „ამირანთან“ ორგანიზებულ აქციებს.  

8 ნოემბრის დაკვირვების შედეგები

ორგანიზატორები - 2019 წლის 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების მხარდამჭერები ,,ვერის პარკში’’ და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბნენ. აქცია ორგანიზებული იყო ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის, ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძისა და “პრიმაკოვის ფონდის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” თავჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ.

აქციის მიზანი - ჰომოფობიური აქციის გაცხადებული მიზანი იყო ქვიარ თემატიკაზე შექმნილი  ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლა, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რამაც დასაწყისშივე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აღნიშნული შეკრების ლეგიტიმური ხასიათი.

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიის წინ დაწვეს ლგბტ თემის დროშა. “ასე დაიწვება საქართველოში ყველა სოდომ-გომორი“, „დღეს ქართველ ერს გვერდით დგომა სჭირდება“, „მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და დადგეთ ჩვენს გვერდით", - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

მაყურებლისთვის შექმნილი დაბრკოლებები - თავდაპირველ ეტაპზე, ჰომოფობიური აქციის მონაწილეთაგან მომდინარე საფრთხის გამო, რომელსაც პოლიცია არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ ანეიტრალებდა[1], ფილმის მაყურებლებისთვის გართულებული იყო როგორც კინოთეატრში შესვლა, ისე შენობის დატოვება. აღნიშნული პროცესი მონაწილეების აგრესიული შეძახილებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის ძალადობრივი ხასიათი - კინოთეატრში შეჭრის მიზნით, დემონსტრანტები სხვადასხვა საგნებსა და პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დემონსტრანტების მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაშავდა ერთი სამართალდამცავი. ძალადობრივი აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს. მიუხედავად დემონსტრანტების არასაკმარისი რაოდენობისა და პოლიციის მოთხოვნებისა, აქციის დასასრულამდე პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გახსნა ვერ მოახერხა.

ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს “რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს, ფიზიკური დაზიანება მიიღო სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა, რომელსაც სახის არეში დემონტრანტების ნასროლი საგანი მოხვდა. აგრესიის სამიზნე ასევე იყვნენ ტელეკომპანიების “ფორმულა” და “მთავარის” ჟურნალისტები. აქციაზე შესამჩნევი იყო ალკოჰოლის მოხმარების ფაქტებიც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დემონსტრანტები კი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

სასულიერო პირები - აქციაზე აქტიურობდნენ სასულიერო პირები, რომლებიც პოლიციელებს მოუწოდებდნენ არ დაეცვათ “გარყვნილების  პროპაგანდის“ მხარდამჭერები.

9 და 10 ნოემბრის დაკვირვების შედეგები

9 და 10  ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ და „თბილისი გალერიასთან“ გამართულ ჰომოფობიურ აქციებში, 8 ნოემბერთან შედარებით ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა და პროტესტმაც ძირითადად მშვიდობიანად, ექსცესებისა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების გარეშე ჩაიარა.

ძირითადი მიგნებები

8 ნოემბრის აქცია დასაწყისშივე გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მკვეთრად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადექვატური ზომების გატარებას, რის შედეგადაც, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ვერ შეძლეს კინოთეატრებში ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ’’ ჩვენების ჩაშლა. მიუხედავად ამისა, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგია დაუსჯელობით წახალისებული რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების გააქტიურება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს მიერ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების ლიდერების მიმართ დაწყებული გამოძიების გაჭიანურება, რაც აღნიშნულ პირებს დიდი ოდენობით ძალების მობილიზებისა და ახალი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას აძლევს.

მიუხედავად ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში’’ დაფიქსირებული პოზიციისა, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოში არ ხორციელდება ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის პროგრამა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში მოქმედი გარკვეული ჯგუფების ექსტრემისტული ნარატივები რადიკალიზაციის ხარისხს გაუმართლებლად ზრდის, ამგვარი უმოქმედობა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყონ მკაცრი და სამართლიანი მიდგომა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ;
  • აქციაზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში;
  • შეისწავლონ და გაანალიზონ რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების აქტივობები;
  • აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით მოხდეს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის პროგრამის შექმნა აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილის ჩართულობით.

 

მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში. 

 

 

[1] სპეცდანიშნულების რაზმი კინოთეატრთან მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა.

DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023