GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრორუსული დისკურსი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
15.03.2022
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პარალელურად კრემლისტური მედია აქტიურად აწარმოებს საინფორმაციო ომს. ამ  სადეზინფორმაციო კამპანიაში საქართველოში ულტრამემარჯვენე რიტორიკით გამორჩეული მედიაპლატფორმებიც მონაწილეობენ. მათი მთავარი მიზანია რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია. საქართველოში კრემლისტური ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა ღიადაა  მიმართული დასავლური საგარეო ვექტორის  შეცვლისა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში კრემლის პოლიტიკასთან ღიად აფილირებული მედიისა და სოციალური ქსელების დახმარებით ავრცელებენ დეზინფორმაციულ ნარატივებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. მათ შეუზღუდავი წვდომა აქვთ ფართო აუდიტორიაზე, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის საზოგადოებრივ აზრზე პრორუსული გავლენების გასაძლიერებლად. საინფორმაციო ომიდან მომდინარე საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ონლაინ პლატფორმებზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგიური პროპაგანდის გამოვლენა და ამ მიზნით სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი.

ულტრამემარჯვენე  ჯგუფების დეზინფორმაციული რიტორიკისა და ძირითადი დისკურსის ანალიზის მიზნით, წინამდებარე ანგარიშში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2022 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებს აჯამებს. საანგარიშო პერიოდში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შინაარსის მქონე 450 შემთხვევა გააანალიზა. ანგარიშში ასევე  განხილულია ულტრამემარჯვენე ლიდერების პოლიტიკური შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ღიად პრორუსული განწყობის მქონე პოლიტიკური სუბიექტები საინფორმაციო ომს აწარმოებენ კოორდინირებული ქსელის საშუალებით, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფები და გვერდები.

საინფორმაციო ომში, ძირითად კრემლისტურ ულტრამემარჯვენე პლატფორმას წარმოადგენს „ალტ-ინფო“, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“. ომის ფონზე, „ალტ-ინფო“ საგანგებო ეთერში ავრცელებს პრორუსულ  ნარატივებს, რაც შემდგომ ფეისბუქაუდიტორიაში „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული შიდა ჯგუფებისა და გვერდების მეშვეობით ვრცელდება. კოორდინირებული მოქმედებით „ალტ-ინფო“ უზრუნველყოფს საკუთარ მიმდევრებს შორის დეზინფორმაციის სწრაფ და სტაბილურ გავრცელებას. გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ გუნდი აქტიურად იყენებს როგორც სატელევიზიო და Youtube არხებს, ასევე, ტელეგრამ სივრცესაც. ჰაკერთა ჯგუფმა მათი ოფიციალური ვებგვერდი 26 თებერვალს გათიშა.

საანგარიშო პერიოდში უკრაინის მადისკრედიტებელი მედიაკამპანია გააქტიურდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქგვერდ „კარდჰუზეც.“ იდენტური პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა ონლაინმედია  „საქინფორმი“ და „News Front”. მათ პლატფორმებზე ქვეყნდება სტატიები, სადაც ავტორები ღიად ეწევიან ნატოს სამხედრო ალიანსისა და აშშ-ს დემონიზაციას, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით იმეორებენ კრემლისტურ ნარატივს, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის.

საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გაფართოვდა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აუდიტორია, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზეა შექმნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით მათ ათობით რეგიონული ოფისი გახსნეს (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში). პარტიის ლიდერებმა  მარტის ბოლომდე 84 ოფისის გახსნა დააანონსეს. იმ ფონზე, რომ პარტიის ოფიციალური შემოსავალი დაარსების დღიდან მხოლოდ 36 675 ლარს შეადგენს, ყოველკვირეულად იზრდება ოფისების რაოდენობა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები პარტიის ფინანსური რესურსების შესახებ. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ მათი ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე მორგოშია და უარყო პარტიისა და „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში შავი ფულის არსებობა. თავის მხრივ, ოფიციალური წყაროების მიხედვით, „ალტ-ინფოს“ დაფინანსება 2021 წელს  269 447  ლარი იყო. 

რუსეთის მხარდამჭერი გზავნილები შეიმჩნევა ულტრამემარჯვენე ლიდერთა რიტორიკაშიც. ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პროდასავლური ძალები დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში და კეთილგონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე ლიდერი ლევან ვასაძეც. მან რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხედ შეაფასა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობა და საქართველო ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატად შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერის ნაცვლად, გაჩუმებისკენ მოუწოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ პროპაგანდისტული მედიაკამპანიის წარმოებისთვის საჭირო ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორებიცაა ყალბი კონტენტი და  მანიპულაციური ფოტო- და ვიდეომასალა, საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მათი საქმიანობისა და ფინანსური რესურსების შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის.


ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში (ულტრამემარჯვენე რიტორიკა  და ტენდენციები სოციალურ მედიაში)

DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024