GEO   ENG
სიახლეები
მუჰაჯირობა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური შეფასების გარეშე
21.05.2022
21 მაისს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები მუსლიმი აფხაზების მუჰაჯირობის დაწყების ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. 1867 და შემდგომ უკვე 1877 წელს სამშობლო ორმოცდაათ ათასზე მეტმა აფხაზმა დატოვა, რომლებსაც რუსეთის იმპერიამ  აღმსარებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო თურქეთის მიწებზე გადასახლება აიძულა. აფხაზები, თანამოძმე ჩერქეზ და აღმოსავლეთ ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად დაისაჯნენ იმპერიის მიმართ წინააღმდეგობისთვის. ზოგიერთისთვის (შაფსუღებისთვის, უბიხებისთვის, აბაძეხებისთვის და სხვებისთვის) ეს პროცესი სრული გაქრობით დასრულდა.[1]

უშუალოდ აფხაზეთში რუსული იმპერიული პოლიტიკის შედეგებმა და  მოსახლეობისგან დაცლილ მის ზოგიერთ რაიონში დარჩენილი აფხაზების გვერდით ქართველების ჩასახლებამ, მუჰაჯირობით გამოწვეული ტკივილის განელების ნაცვლად, ქართველებსა და აფხაზებს შორის ახალი წუხილები გააჩინა. დღეს, როცა აფხაზეთის მიწა საქართველოს მოწყვეტილია, მრავალ საკითხთა შორის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა მუჰაჯირობამ და რამდენად მართებულია იგი მხოლოდ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ჭრილში განვიხილოთ.

სამწუხაროდ, მუჰაჯირობა ქართული პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ისტორიული მეხსიერებიდან განდევნილია. მისი გაგება ასევე დავიწროვებულია აფხაზებისთვის, და ქართველებთან მიმართებაში, მხოლოდ საკუთარ ტრაგედიადაა წარმოჩენილი. თუმცა, ეს თარიღი ტრაგიკული მხოლოდ აფხაზებისთვის არაა. მუჰაჯირობამ სამშობლოდან ასორმოცდაათი ათასი აჭარელი და მესხი მუსლიმიც გადახვეწა. შესაბამისად, საქართველოში მაშინდელი ცარისტული პოლიტიკის სამიზნე მხოლოდ აფხაზეთი არ იყო. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა და თანამოქალაქეებმაც მიაქციონ ყურადღება კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში იმპერიული პოლიტიკის ამ ასპექტს და ქართველებთან ერთად იმსჯელონ იმ საერთო კავკასიურ ბედზე, რომლის მოზიარეც მაშინდელი და დღევანდელი საქართველო არიან.

იმპერიული რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში არასდროს ყოფილა კავკასიის მიწებსა და ხალხებს შორის თანხმობის მიღწევისკენ მიმართული. მუსლიმი კავკასიელების ისტორიაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ტრაგიკული მოვლენები დღემდე ასეთი გამყოფების როლს თამაშობს და იმპერიული რუსეთის ამჟამინდელი მემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის აქტიური ჩარევით. დღეს, როცა მუჰაჯირობის ამ თარიღს ვიხსენებთ, ამის გათვალისწინება ათმაგად  მნიშვნელოვანია.

დღეს, ცდილობენ წარმოჩენას, თითქოს აფხაზთა მუჰაჯირობა ქართველების ინტერესში იყო. შეიძლება ჩვენი აფხაზი თანამემამულეების უმეტესობა ასე არც ფიქრობს, თუმცა, არსებობს ინტერესი, ისტორიის ეს სამწუხარო ეპიზოდი ასე ჩანდეს იმ სამსჯელო სივრცეებში, რომლებსაც აქედან ვხედავთ და რომლებზეც ხმა არ მიგვიწვდება. თუმცა, პირველი მუჰაჯირობისას გადასახლებულ აფხაზთა ნაწილი მაშინ ჯერ კიდევ ოსმალეთის ტერიტორიად მყოფ აჭარაში დასახლდა და დღეს საქართველოს, ჩვენი საერთო სახლის შენებაში და განვითარებაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მუჰაჯირობის ეს „უნებლიე“ შედეგი მეტყველებს რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზი ერის ამ ტრაგიკული მოვლენის გააზრება ერთობლივად და მისი მრავალმხრივი ასპექტების გათვალისწინებით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ მუჰაჯირობის საკითხი საქართველოს მთავრობისგან ისეთივე პოლიტიკურ შეფასებას და საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში სათანადო ასახვას მოითხოვს, როგორც ეს ჩერქეზების გენოციდის აღიარების შემთხვევაში მოხდა.


[1] სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზები და ყაბარდოელები ამ დღეს რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ აღნიშნავენ. ჩერქეზი ხალხებისთვის ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობა საქართველომ 2011 წელს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეფასებით აღნიშნა და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩერქეზების გენოციდი აღიარა.
შემაშფოთებელია ჩრდილოეთ კავკასიელების მიმართ საზღვარზე შემოწმების სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლარსის საზღვარზე ჩრდილოეთკავკასიელების სპეციალური და უფრო მკაცრი შემოწმების სავარაუდოდ დისკრიმინაციული გამოცდილებას აჩვენებს.
28.09.2022
“თანაგრძნობას ვუცხადებთ ორივე მხარეს” – სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ომზე
27 სექტემბერი, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველი და აფხაზი ხალხის წარსულ ტრაგედიებს და განგრძობადი კონფლიქტის მძიმე რეალობას.
28.09.2022
სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ბოლო რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღება მიიქცია ყოფილი მოსამართლეების განცხადებებმა, რომლებიც მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ. 
22.09.2022