GEO   ENG
სიახლეები
ღიად პრორუსულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ახალი შემომწირველები ჰყავს
25.05.2022
ღიად პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა. პარტიის დაარსებიდან სამი თვის განმავლობაში პარტიას შემომწირველები არ ჰყავდა. პოლიტიკურ გაერთიანებას თანხა პირველად 2022 წლის 16 თებერვალს შესწირეს, თუმცა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ოფისების გახსნა რეგიონებში 2021 წლის 27 დეკემბრიდან, დაფინანსების არარსებობის პირობებში დაიწყო.

დღეს „კონსერვატიულ მოძრობას“ 64 ოფისი[1] აქვს, შემოწირული თანხის რაოდენობა კი 200.000 ლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის შემოწირულება ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნაკლებ სავარაუდოა, ოფიციალურად დეკლარირებული თანხა საკმარისი იყოს 62 რეგიონული ოფისის შესანახად (ოფისის ქირა, ოფისში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურება, შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვ.).

2022 წლის 16 თებერვლიდან 2022 წლის 23 მაისამდე, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 210 შემოწირულება მიიღო. საერთო ჯამში, პარტიას 80 შემომწირველი ჰყავს, აქედან უმრავლესობამ პარტიას რამდენიმეჯერ შესწირა ფულადი თანხა. პარტიის ძირითადი შემომწირველები „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც, როგორც ჩანს, ანაზღაურების მიღების ნაცვლად, თავად სწირავენ პარტიას. მაგალითად:

  1. სიმონ ეღიაშვილი (ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი) – 3,000 ლარი
  2. მერაბ გიგანი (რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი) – 7,575 ლარი
  3. დავით დვალიშვილი (ფოთის ოფისის ხელმძღვანელი) – 7,360 ლარი
  4. გია გულუა (ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი) - 6,100 ლარი
შემომწირველების უმრავლესობის სახელზე საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული რაიმე ტიპის უძრავი ქონება. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კონსერვატიულ მოძრაობას ორი მსხვილი შემომწირველი ჰყავს: გოგა თუხარელმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ 11,100 ლარი შესწირა, ხოლო ზურაბ კობახიძემ - 11,123 ლარი. აქედან არც ერთი არ ფლობს უძრავ ქონებას.

პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანი, რომელმაც პარტიას 8000 ლარი შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეზვა ჩანქსელიანმა ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ 1000 ლარის შემოწირულება გაიღო. ზეზვა ჩანქსელიანის კავშირების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა.  

„კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი შემომწირველი პარტიის წევრი ჯარჯი ნონაშვილია. მან პარტიას 1,500 ლარი შესწირა. ნონაშვილი ქართველი სპორტსმენია, რომელიც საბრძოლო გადამზადებას რუსეთის ფედერაციაში, გროზნოში გაივლის. TV პირველთან ინტერვიუში, ნონაშვილმა განაცხადა: „რამდენიმე მებრძოლი მყავს და ვაპირებ ჰაბიბთან ჩასვლას. ჰაბიბ ნურგა მამედოვი, მებრძოლი, რომელთანაც ვმეგობრობ, მაქვს ურთიერთობა, მის სამეგობროსთან, დაღესტნელ ბიჭებთან, ჩეჩენ ბიჭებთანაც და დაგვპატიჟეს რამდენიმე ჩემი მებრძოლი. გადამზადება საბრძოლო ხელოვნებაში. მე თუ წარმოვადგენ „კონსერვატიულ მოძრაობას“, ადამიანები, ჩემი მებრძოლები არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მე კადიროვთან საერთოდ შეხება არ მაქვს, ჩემი მეგობრები იცნობენ.“

ნონაშვილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ქარელის ოფისის ხელმძღვანელის მარიამ მიქაცაძეს შვილია. 

* * *
„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ღიად პრორუსულ ორიენტაციას პარტიის დამფუძნებლები თავად ადასტურებენ[2] და რუსეთის პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ. მაგალითად, 2022 წლის იანვარში, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთობლივი კონფერენცია გამართა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები არტიომ ვიქტორის ძე ტუროვი და კაზბეკ ტაისაევი. ტაისაევი 11 მარტს მოხვდა აშშ-ს მიერ ინდივიდუალურად სანქცირებული პირების სიაში.
 
[1] აქედან ორი - ხულოსა და შუახევში არ ფუნქციონირებს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო.  
[2] რადიო თავისუფლება, ნოემბერი 20, 2021, „ალტ-ინფოს პარტია მიზნებით რუსეთისკენ“, ხელმისაწვდომია https://www.radiotavisupleba.ge/a/31571140.html?fbclid=IwAR3PDio9wus0i3kp9M5b532KKNlIxOSuQjRSFcApiXsi4ilWJ7dQU035vxQ
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024