GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლების უმოქმედობა „ალტ-ინფოს“ ძალადობრივ რიტორიკას აძლიერებს
01.06.2022
26 მაისს, ღიად პრორუსული პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს” ეთერში სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდს” არ მისცენ ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, „პრაიდის” ჩატარების შემთხვევაში, „ალტ-ინფო“ დააორგანიზებს ხალხის გარეთ გამოსვლას, რის გამოც, ექსცესებმა შეიძლება მიიღოს არაკონტროლირებადი სახე – „ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე წინა წელს.”[1]

ლგბტქ+ პირების შეკრებისა და მანიფესტაციისა და თანასწორობის უფლების რეალიზაციის სახელმწიფო საფრთხედ აღქმა, ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.  მიუხედავად ამისა, დაახლოებით ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 ივლისს, სახელმწიფო სტრუქტურებმა პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფებას და მის თანამზრახველებს ძალადობრივი პროცესის მართვის შესაძლებლობა მისცეს და უარი თქვეს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე.

2021 წლის 5 ივლისს ზურაბ მახარაძე, „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ სხვა ლიდერებთან ერთად, ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობას, რის შედეგადაც 53-მდე ჟურნალისტი და მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შემდეგ, 11 ივლისს გარდაიცვალა. ზურაბ მახარაძე უშუალოდ უწევდა ორგანიზებას საქართველოს პარლამენტის წინ დადგმული საპროტესტო კარვების გატანას და „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის მიზნით სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 4 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობა ორგანიზებული იყო, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უმოქმედობა მათ ძალადობრივი მოვლენების მდუმარე თანამონაწილედ ხდის და  სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს ახალისებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ზურაბ მახარაძის მუქარის შემცველ განცხადებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნების შემცველია
  • გაატარონ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან ასაცილებლად
  • უზრუნველყონ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ყველა ხელმძღვანელი პირების დაკავება.
 
 
[1] მახარაძე „პრაიდის" გამართვის შემთხვევაში ხალხის ორგანიზებას აანონსებს, მედია პლატფორმა „პუბლიკა”, 25 მაისი, 2022, ხელმისაწვდომია - https://bit.ly/38BlfFI
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში

დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

24.04.2026
კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში

კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა. 

24.04.2026
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა

ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. 

16.04.2026