GEO   ENG
სიახლეები
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა
25.09.2023
თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა. მას შემდეგ, რაც ახალგორს დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი და დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი ესტუმრნენ, მოსახლეობას ისევ გაუჩნდა იმედი, რომ „საშვების“ გაცემა სრულად აღდგება და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას და მის მიღმა მყოფი ოჯახების მონახულებას შეძლებენ. თავად ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ რაიონს საშვების რეჟიმის განსახილველად უშიშროების სექტორის კურატორები ესტუმრნენ, იმაზე მეტყველებს, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა ახალგორელების გადაადგილების საკითხს ექსკლუზიურად უსაფრთხოების კუთხით უყურებს.

საქართველოს მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ახალგორში შესვლის უფლებას ცხინვალი ჯერჯერობით მხოლოდ რაიონში დარჩენილი მარტოხელა და ხანდაზმული ადამიანების ნათესავებს და ოჯახის წევრებს აძლევს. მიუხედავად გადაადგილების რეჟიმის მოჩვენებითი შემსუბუქებისა, ამ უფლებით მოსარგებლეების რაოდენობა, სავარაუდოდ, დიდად არ გაიზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშვებით გადაადგილების უფლება დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეროგატივაა, ახალგორიდან წასული ბევრი ქართველისთვის მშობლიურ სახლებში დროებით დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს. ამის გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დე-ფაქტო მთავრობა ამ უფლებით პირობითად მოსარგებლეებს გარკვეულ ვადას აძლევს საშვის გამოსაყენებლად. გაცემიდან გარკვეულ პერიოდში საშვის გამოუყენებლობის შემთხვევაში, საშვი ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება გადაადგილების შესაძლებლობის მიცემას იმ ახალგორელებისთვის, ვინც მარტოხელა და ხანდაზმული არაა, ფიზიკურად გადაადგილება შეუძლია და ეკონომიკური ან სხვა მიზნებით გამყოფი ხაზის გადაკვეთა სურს, მათ დე-ფაქტო მთავრობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის, მუნიციპალურ-ადმინისტრაციულ სამსახურებში მომუშავე პირებს, მასწავლებლებს და მედიცინის მუშაკებს (დამხმარე პერსონალის გარდა), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა და მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკურად შეჭირვებული რაიონის ქართულ მოსახლეობას.

შერჩევითი მობილობის პოლიტიკა განუზომლად დიდ ძალაუფლებას აძლევს ადგილზე მოქმედ კორუმპირებულ მოხელეებს და ახალგორის მოსახლეობას კორუფციის კიდევ უფრო მტკივნეული ჩაგვრის ქვეშ აყენებს. ამ საკითხის ყველაზე მძიმე ასპექტი ისაა, რომ ახალგორელებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არავითარი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სივრცე არ გააჩნიათ. დე-ფაქტო მთავრობის უსაფრთხოების იზოლაციონისტური პოლიტიკის ტყვეობაში მყოფი ახალგორელების ნაწილისთვის კორუფცია ადაპტაციის და გადარჩენის ერთადერთ გზად რჩება, თუმცა რაიონის მოსახლეობის უმეტესობას ადაპტაციის ამ მექანიზმისთვის შესაბამისი მატერიალურ-ეკონომიკური რესურსი არც გააჩნია.
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025
DRI: რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

DRI ეხმიანება მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი  შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. 

13.10.2025
ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული პირების უფლებების დაცვას.

10.10.2025