GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
17.04.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაახლოებით, 22:00 საათისთვის დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება. მოგვიანებით, 00:30 საათისთვის, შსს-მ წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა გაუფრთხილებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პროტესტის დროს სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის ტესტს. სამართალდამცავების მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, უკიდურესი აუცილებლობის დროს, მხოლოდ მაშინ, როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს.

საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.

სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალებების უკანონოდ გამოყენებასა და აქციის მონაწილეთა ფიზიკურ შეურაცხყოფას თან ერთოდა ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებიც. ამ დროისთვის, 10-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმანეთისაგან მიჯნავს აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას და მეორე მხრივ, დემონსტრანტებს, რომლებიც პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ.[1] მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო-მასალით და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტია, რომლებიც აქციაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება; დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი შემთხვევების დადასტურებისას, ლოკალურად, ინდივიდუალური ღონისძიებების განხორციელებით აღმოფხვრას შესაბამისი ფაქტი, მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელშეშლის გარეშე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
  • სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება.
 
 
[1]   Cristian Ziliberberg against Moldova, Application no. 61821/00, decision of 4 May 2004
სამხრეთ ოსეთისთვის ახალი ფინანსური პაკეტი: ინფრასტრუქტურიდან სოციალურ მხარდაჭერამდე — როგორ იცვლება რუსეთის დაფინანსების პრიორიტეტები

ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს. 

17.09.2026
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026