ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მართლმადიდებლობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის
პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას, რომლის ერთადერთი დანიშნულება რელიგიურ სენტიმენტებზე
აპელირებით ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება იყოს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ულტრაკონსერვატიული
მიმართულებით მკვეთრი შემობრუნების კვალდაკვალ, ხელისუფლების რიტორიკაში გაძლიერდა
რელიგიურ-ეროვნულ
სენტიმენტებზე აპელირება, რითაც მმართველმა პარტიამ მთლიანად დაიკავა მკვეთრად პრორუსული
ულტრამემარჯვენე ფლანგის ნიშა.
მკვეთრად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მსგავსად,
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ფოკუსში მოაქცია ისეთი
თემები, როგორებიცაა: ფსევდო რელიგიური ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტი, გენდერული
და სექსუალური იდენტობის საკითხები. აღნიშნული მიმართულებები გაერთიანებულია 2024 წლის
აპრილში ინიციირებულ კანონპროექტში
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც რელიგიურ განწყობებზე,
ბავშვთა უფლებებზე, გენდერულ იდენტობასა თუ სხვა სენსიტიურ თემებზე აპელირების გზით,
საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას შეიძლება
ისახავდეს მიზნად.
მმართველი პარტიის მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური ნიშნით
გამოყენების მცდელობაზე მიუთითებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საპატრიარქოს დაფინანსების
მკვეთრი ზრდა. პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 15 მარტის განკარგულებით,
საპატრიარქოს სკოლა-გიმნაზიების, პროფესიული კოლეჯების და განათლებისა და კულტურის
ღონისძიებების განვითარების ფონდის დასაფინანსებლად 35 მილიონი ლარი გამოიყო. 2024
წლის 14 აგვისტოს განკარგულებით,
2 მილიონი ლარით დაფინანსდა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
უნივერსიტეტი. საპატრიარქოსთვის „პოლიტიკური ხარკის“ გადახდა გაგრძელდა 13 სექტემბრის
განკარგულებებითაც, რომლის
მიხედვითაც, საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს მიწის სამი ნაკვეთი გადასცა. აქედან
ორი 1 ლარად,
ხოლო ერთი უსასყიდლოდ
99 წლით. რელიგიური პოპულიზმის ნიშნები იკვეთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაშიც,
17 მაისის, როგორც „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის“ უქმედ გამოცხადებასთან
დაკავშირებით.
თვალსაჩინოა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანს კონსერვატიულად
განწყობილი ამომრჩევლის მოზიდვა და მათთვის ექსკლუზიურობის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც
პირველ რიგში ცდილობს ეკლესიასთან, როგორც მძლავრ ინსტიტუტთან აფილირებას. წინასაარჩევნოდ,
ეკლესიის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კი ერთგვარი „ხარკის“ გადახდა უწევს, როგორც ფინანსური,
ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისითაც.
ეკლესიასთან მჭიდრო სიახლოვეს „ქართული ოცნება“ უახლოეს წარსულშიც ცდილობდა. რელიგიური სენტიმენტებით აპელირების ნათელი მაგალითი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სასულიერო პირთა ჩართულობა სხვადასხვა პოლიტიკურ ღონისძიებებში და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან „ეკლესიების მოლოცვის“ პრაქტიკა, რომელიც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ შეხვედრებს სასულიერო პირები ესწრებოდნენ ოზურგეთში და გორში. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კოდუას საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული მამა შალვა კეკელია და დეკანოზი ბესარიონი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დავით კოდუას წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან სოფელ რიყესა და ჯუმში.
სოფელი
ჯუმი, 15 სექტემბერი
სოფელი
რიყე, 4 სექტემბერი
თუმცა 2024 წლის საარჩევნო ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობამ,
წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ფართო მასშტაბი მიიღო მართლმადიდებლობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადების ინიციატივის სახით, რომელიც თავად ერთ-ერთმა მაღალი იერარქიის
წარმომადგენელმა საეკლესიო პირმა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ
ფაჩუაშვილმა შეაფასა ხელისუფლების
წინასაარჩევნო შემოთავაზებად.
20 აგვისტოს ცნობილი გახდა სამი მიზანი,
რომლის შესრულებასაც, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების
შემთხვევაში ჰპირდება. კერძოდ:
1. პოლიტიკიდან
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” ჩამოშორება;
2. ანტი-ლგბტ
კონსტიტუციური კანონმდებლობის მიღება; და
3. მშვიდობიანი
გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
25 აგვისტოს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ
ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში,
მხარდამჭერებთან შეხვედრისას, „ქართული ოცნების“
სამი დაპირება გაიმეორა და დასძინა, რომ არსებობს მეოთხე პუნქტიც: „ჩვენი ქვეყნისა
და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს
აქტიური მუშაობა“.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მართლმადიდებლობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას მოიაზრებდა, 27 აგვისტოს ირიბად დაადასტურა
საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ: „ეს არის ძალიან კორექტული,
ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ
მოდელებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.“ 28 აგვისტოს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „თავაზიანობის აქტი“ უწოდა ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო
რელიგიად აღიარების ინიციატივას და დაადასტურა, რომ ინიციატივის
ზუსტ ფორმულირებასთან დაკავშირებით მსჯელობები აქტიურად მიმდინარეობდა.
1 სექტემბერს პროტოპრესვიტერმა
გიორგი ზვიადაძემ საზოგადოებას განუცხადა: „30 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა საპატრიარქოს
წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის, სადაც შედგა შეთანხმება, რომ
საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩნდება შემდეგი შინაარსის
ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა
საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“. გიორგი ზვიადაძემ ასევე
დაადასტურა, რომ ხელისუფლების პირველადი ინიციატივა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებას გულისხმობდა, თუმცა ეს საკითხი ეკლესიისთვის „მიუღებელი“ აღმოჩნდა.
ხელისუფლების ინიციატივას მართლმადიდებლობის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით მყისიერად გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა
საეკლესიო პირების სახით. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის
განცხადებით: „სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან
და შესაბამისად სახელმწიფო არ არის დამოუკიდებელი ეკლესიისგან.“
რელიგიის პოლიტიზებული ინსტრუმენტალიზაციის საფრთხე
დაინახა „ქართული ოცნების“ ინიციატივაში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა
ზენონმა: „ეს ინიციატივა, არსებითად გულისხმობს
ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.“
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტ
მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით: „შეუძლებელია,
ადამიანმა წარმოიდგინოს ამაზე უხეში და უკუღმართი ფორმა რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა,
როგორიც არის ამა თუ იმ რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება“.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მართლმადიდებლობის
სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კონსენსუსის მიღწევა,
აღნიშნული საკითხი მაინც წარმოადგენს ცალსახად
საშიშ და დემოკრატიული პროცესების დამაზიანებელ ინიციატივას. დემოკრატიის კვლევის
ცენტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს წინასაარჩევნო სპეკულაციას,
რომელიც რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით
ცდილობს საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენის
მოხდენას.
30 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საგარეჯოში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.