GEO   ENG
სიახლეები
„ხალხის ძალა“ – „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ძალის ილუზიის შექმნის წარუმატებელი მცდელობა
20.12.2024

2024 წლის 13 დეკემბერს „ხალხის ძალამ“, რომელიც „ქართული ოცნების“ ღიად ანტიევროპული წევრებითაა დაკომპლექტებული, განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ისინი მმართველ გუნდს ტოვებენ და ამ ნაბიჯით „ჯანსაღი ოპოზიციის“ არსებობას უდებენ სათავეს. „ხალხის ძალის“  ლიდერის გურამ მაჭარიშვილის განცხადებით, ქვეყანას ჰყავს „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება“ და უცხოური ძალების მხრიდან დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია; შესაბამისად, ხედავენ აუცილებლობას, დატოვონ მმართველი გუნდი და შექმნან „ჯანსაღი ოპოზიციური ძალა“. მაჭარაშვილმა დააზუსტა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მათ გუნდს პრინციპული შეუთავსებლობა არ აქვს.

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილია, რომელიც 14 დეკემბერს პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობა არ უღიარებია საერთაშორისო საზოგადოებას, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.  საერთაშორისო მედიაში მიხელ ყაველაშვილი და „ხალხის ძალა“ მოხსენიებულია, როგორც ულტრამემარჯვენე და ანტიდასავლური რიტორიკის მქონე. „ხალხის ძალის“ ლიდერები ანტიდასავლურ განწყობებს არ მალავენ. მაგალითად, 2023 წლის 2 მარტს მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი [ევროკავშირში გაწევრიანება] ქვეყნის თვითმიზანი არ არის. ფსევდო-ოპოზიციური ძალის მიერ გაჟღერებული ანტიევროპული განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გაიმეორა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერებულია.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ხალხის ძალის“ ხუთი წევრი[1] „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველივე ათეულში ფიგურირებდა, რაც ადასტურებს, რომ „ხალხის ძალა“ მმართველი გუნდის განაყოფია, მისი ცალკე პარტიად დარეგისტრირების მიზანი კი ფსევდო-ოპოზიციური ძალის ილუზიის გაჩენაა.

პირველი შემოწირულება ილუზორულად ფსევდო-ოპოზიციურმა ძალამ 2024 წლის 11 აპრილს მიიღო. ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, „ხალხის ძალამ“ თერთმეტი შემოწირულება მიიღო რვა ფიზიკური პირისგან. შემოწირულების სახით მიღებული, ოფიციალურად დეკლარირებული თანხის ჯამი 148.750 ლარია.

დემოკრატიის კვლევის ცენტმა შეისწავლა „ხალხის ძალის“ თითოეული შემომწირველი. ყველაზე მსხვილი შემომწირველი ვიქტორ ჯაფარიძეა. მის მიერ „ხალხის ძალისთვის“ შეწირული თანხის ჯამი 38.000 ლარია. ჯაფარიძის სახელზე რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული, მათ შორის „შპს სეტი+“.  მოცემულმა კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 81 მილიონი ლარის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო. ჯაფარიძე ასევე არის პროპაგანდისტული და ღიად სახელისუფლებო მედიასაშუალება POSTV („შპს პოსტვის“) 52%-იანი წილის მფლობელი. ვიქტორ ჯაფარიძის სახელი და გვარი ასევე ფიგურირებს მმართველი გუნდის შემომწირველებს შორის. მან პარტიას 120.000 ლარი შესწირა.

„ხალხი ძალის“ შემომწირველებს შორისაა ბიზნესმენი ზაზა ბაღდავაძე. ბაღდავაძეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, თანხა აქვს შეწირული როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე „ხალხის ძალისთვისაც“. „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ჯამი 40.000 ლარია, ხოლო „ხალხის ძალისთვის“ - 13.000 ლარი. ბაღდავაძე სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის „შპს ევროცემენტის“ მფლობელია. კიდევ ერთი პირი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თანხა „ქართულ ოცნებას“ და „ხალხის ძალას“ შეწირა, ბექა ბაღდავაძეა. „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ჯამი 20.000 ლარია, ხოლო ფსევდო-ოპოზიციური ძალისთვის - 13.000 ლარი.



[1] სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკა სეფიაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე. 


„ხალხის ძალა“ – „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ძალის ილუზიის შექმნისწარუმატებელი მცდელობა   

DRC: ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს

"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება  დააანონსა. 

03.02.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.

03.02.2025