GEO   ENG
სიახლეები
ქართულმა ოცნებამ პარტიულად დამოუკიდებელი, პროფესიონალი საჯარო მოხელეების დევნა დაიწყო
30.12.2024

26 დეკემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა  საჯარო მოხელეების სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების რამდენიმე შემთხვევა. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან არა ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს მოქმედი შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით. როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ხდება ცნობილი, სააგენტომ გათავისუფლა მასთან დასაქმებული ერთადერთი სოციალური მუშაკი და ერთადერთი ფსიქოლოგი. ასეთი მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, უცნაურია ამ დასაქმებულებთან ხელშეკრულების არ გაგრძელება. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს ევალებათ, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. სოციალური მუშაკი, რომელიც სააგენტომ გაათავისუფლა, არის საჯარო მოხელეების განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, რომლითაც საჯარო მოხელეები გაემიჯნონ ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერებას ქართული ოცნების მიერ. სააგენტო ადასტურებს, რომ მოკლევადიანი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გაუგრძელდებათ ხელშეკრულება. ამ ფაქტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო დამაჯერებელია ვარაუდი, რომ კონკრეტული სოციალური მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდება არა სამსახურებრივ საჭიროებებს, არამედ პოლიტიკურ დევნას.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძეც. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამსახურებრივ ბარათში, სოფრომაძის გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია, რომ ის შტატგარეშე თანამშრომელია, ხოლო სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები და შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარ არის. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ, გიგა სოფრომაძის გათავისუფლება საეჭვოდ ემთხვევა მის მიერ  საჯაროდ გამოხატულ კრიტიკულ პოზიციას ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის ცალმხრივად შეჩერებასთან დაკავშირებით.  სოფრომაძე არის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი საჯარო მოსამსახურეთა ახალი პროფკავშირის, რომლის მიზანი პარტიულად ნეიტრალური, დამოუკიდებელი საჯარო მოხელეების შრომის უფლებების დაცვაა. საჯარო მოხელეების კრიტიკულ განცხადებას ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ რეორგანიზაციის ჩატარების მუქარით უპასუხა და როგორც ჩანს სოფრომაძე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საჯარო მოხელე, თბილისის მერიაში დაანონსებული დევნის პირველი სამიზნე აღმოჩნდა.

იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში უფრო მასშტაბური დევნის სახეს მიიღებს. საჯარო მოხელეების ღიად პარტიული ნიშნით გათავისუფლება, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა საჯარო მოხელეებისთვის შრომის გარანტიების ჩამოსართმევად, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციურ-სამართლებრივი სივრციდან გავიდა. საჯარო სამსახურში პარტიული ნიშნით დევნის შეჩერება, მხოლოდ საჯარო მოხელეების ერთიანობით, ორგანიზებით და სოლიდარობით იქნება შესაძლებელი. საზოგადოებამ ყველა შესაძლო ფორმით მხარი უნდა დაუჭიროს პარტიულად ნეიტრალური, დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც მყარი საფუძველი ეყრება ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციის ცალმხრივი შეჩერებით და კონსტიტუციის დარღვევის საპასუხოდ, საჯარო მოხელეების აქტიურობით და ორგანიზებით, კონსტიტუციისა და საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.

DRC – ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს

მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

08.01.2025
საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი წაქაძის ისტორია

საპროტესტო აქციებზე დემოკრატიის კვლევის ცენტრის თანამშრომელი გიორგი წაქაძე დააკავეს, რომელიც პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე გვიყვება.

27.12.2024
თამარ მეარაყიშვილის მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარე დევნა კვლავ გრძელდება

7 წელზე მეტია სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დევნის და შევიწროების მსხვერპლია. 

25.12.2024