განსაკუთრებით ბოლო
პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი, ეფექტიანი, სათანადო
ანგარიშვალდებულების მქონე და ქმედითი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არარსებობის
პირობებში, შეუძლებელია ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სისტემურ დარღვევაში აქტიურად მონაწილეობდა.
ანგარიშში,
რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მონიტორინგის
რვათვიან პერიოდს აჯამებს, გაანალიზებულია და კრიტიკულადაა შეფასებული უსაფრთხოების
სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმების
ეფექტიანობა, ასევე - აქცენტი გაკეთებულია სუს-ის
ფართო უფლებამოსილებასა და რესურსების არარაციონალურ ხარჯვაზე. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს.
შექმნიდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სახელმწიფოს
ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მისი
დაფინანსება თითქმის 30 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის პარალელურად 2020 წლის 1-ელი იანვრიდან
2024 წლის 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ისეთ
დანაშაულებზე, რომელიც თავისი არსით სამსახურის სამუშაო მიმართულებაში არ ექცევა. ამასთან,
სუს-ის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყება (კონკრეტული
შედეგის გარეშე) ნათელს ხდის, რომ უწყება მანდატს საზოგადოების დაშინების მიზნით იყენებს.
ამ პირობებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სათანადო საპარლამენტო კონტროლი. ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წელს სუს-ზე საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო
შესუსტებულია, რაც პარლამენტში ,,რუსული კანონის“ მიღებას, საპროტესტო აქციებსა
და ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას შეიძლება უკავშირდებოდეს.
პასიური კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ ინტერპელაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სავალდებულო დასწრების და სხვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოუყენებლობა, სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის დახურულ ფორმატში და რეკომენდაციების შემუშავების გარეშე განხილვა ნეგატიურ გავლენას ახდენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის გამჭვირვალეობაზე, ანგარიშვალდებულებასა და უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და პრაქტიკული ხარვეზები
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.