GEO   ENG
ანალიზი
რეპრესიული კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ
02.05.2025

,,ქართულის ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად სამი რეპრესიული კანონი მიიღო:

  • 2024 წლის 28 მაისს - ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (140 სუბიექტის სახელით გასაჩივრებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ სწრაფ ვადაში დააკომუნიცირა საქმე)
  • 2025 წლის 01 აპრილს - ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA;
  • 2025 წლის 16 აპრილს - ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, დაფინანსების მისაღებად დონორი ვალდებული ხდება თანხმობის მისაღებად მიმართოს ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ პროცედურების დაუცველად გაცემული გრანტი გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

 

ამ დროისათვის, სამივე კანონი ძალაშია, თუმცა, FARA მოქმედებას დაიწყებს 2025 წლის 31 მაისიდან.

,,ქართული ოცნება“ ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღების პროცესში და შემდგომ, ცდილობდა წარმოეჩინა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი FARA-ს თარგმანია.  თუმცა, ,,ქართული ოცნების“ რიტორიკა, ამ კანონის შესაძლო გამოყენების ფარგლების შესახებ, აშკარად განსხვავდება აშშ-ში მოქმედი პრაქტიკისაგან. აშშ-ში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებას განაპირობებდა იმ დროისათვის (1938 წელი), არსებული პოლიტიკური კონტექსტი - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მტრული პროპაგანდის შეკავება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.  მოგვიანებით, მისი გამოყენების პრაქტიკა გავრცელდა უცხო ქვეყნების ლობისტთა საქმიანობაზე. აშშ-ში FARA-ს სამიზნე არ ყოფილან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა, პამელა ბონდიმ FARA-ს რეპრესიული მიზნებისათვის გამოყენების რისკებზე საუბრისას აღნიშნა, რომ: “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა, მხოლოდ იმ შემთხვევებით უნდა შემოიფარგლოს როდესაც სავარაუდო ქმედება, თავისი ბუნებით,  მიახლოებულია იმ ტიპის ტრადიციულ ჯაშუშობასთან, რომელსაც უცხო ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლები ახორციელებენ.“

კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, ეს კანონი არც საქართველოში უნდა უქმნიდეს საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები სხვადასხვა დონორისაგან მოიპოვებენ დაფინანსებას, ეს ორგანიზაციებს უცხოური პრინციპალის ინტერესებისათვის მოქმედ სუბიექტებად არ აქცევს. როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საკუთარი ორგანიზაციის მისიის, საწესდებო მიზნების და სტრატეგიის შესრულებისათვის და საზოგადოების საჭიროებების შესაბამისად მოიპოვებენ დაფინანსებას და მათ განხორციელებაში მოქმედებენ საკუთარი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის ფარგლებში. ორგანიზაციები პროექტების განხორციელებისას ხელმძღვანელობენ საზოგადოების ინტერესებით და მათი განხორციელებისას ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ ორგანიზაციულ შეხედულებებს, მიზნებს და მითითებებს; ორგანიზაციების მიერ დაქირავებული პერსონალი სრულად კონტროლდება შიდაორგანიზაციული წესებით და მათ საქმიანობას არ ზედამხედველობს არავინ სხვა, გარდა ორგანიზაციის სტრუქტურის შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. ამიტომ, არ შეიძლება ტერმინი ,,კონტროლი“ გამოიყენებოდეს იმდენად ფართოდ, რომ დონორ ორგანიზაციასთან გრანტის ხელშეკრულების დადგება და ხელშეკრულების პირობების შესრულება კონტროლს გაუთანაბრდეს.

ამდენად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში ,,უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) გამოყენება არც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, თუმცა, ,,ქართული ოცნების“ რიტორიკა და კანონის განუჭვრეტელი ბუნება, ასევე, ამ კანონის აღსრულებაში ჩართული ინსტიტუტების (ანტი-კორუფციული ბიურო, პროკურატურა,  სასამართლო) მიმართ ნდობის ნაკლებობა და დამოუკიდებლობის ხარისხი, აჩენს საფრთხეს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ამ კანონის გამოყენებით დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას შეეცდება, რასაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ნონა ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე