2024-2025
წლებში ,,ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული კანონშემოქმედებითი პროცესი მიმართულია
ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის დროს
მიღებულ ადმრინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები დაჩქარებული
წესით განხორციელდა, რომლითაც არაპროპორციულად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.
ცვლილებებმა ისედაც ხარვეზიან კოდექსს, კიდევ
უფრო რეპრესიული ბუნება შესძინა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა
სისხლის სამართლის კოდექსშიც. კონკრეტული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში,
ხდება მათი კრიმინალიზება.
მხოლოდ 16
ოქტომბრის შემდეგ (რაც ძალაში შევიდა, ამ ეტაპისთვის, ბოლო ცვლილებები) აქციის
150-მდე მონაწილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.[1]
უმეტეს შემთხვევაში საფუძველი 1741 მუხლის მე-10 ნაწილი, კერძოდ, გზის ხელოვნურად
გადაკეტვა და საპროტესტო აქციაზე სახის დაფარვაა. 100-ზე მეტ შემთხვევაში, გამოყენებული
იყო ადმინისტრაციული პატიმრობა, აქედან 50-მდე ქალის მიმართ. ერთი პირის მიმართ დაწყებულია
სისხლის სამართლებრივი დევნა.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლში, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის
ორგანიზების წესის დარღვევის შემთხვევებს არეგულირებს, ბოლო 11 თვის განმავლობაში
5 ცვლილება განხორციელდა. ადამიანის უფლებებთან მიმართებით, ყველაზე მძიმე ბოლო,
16 ოქტომბრის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც,
მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის........ ტრანსპორტის
სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის (თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის
ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია) შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებულია აქციის მონაწილეს
15 დღემდე (ორგანიზატორის შემთხვევაში, 20 დღემდე) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს.[2]
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით,
აქციის მონაწილეს 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, თუ აქციაზე აკრძალულ
ნივთს იქონიებს.
ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით,
პატიმრობა არ უნდა იყოს ერთადერთი სანქცია, მათ შორის, გზის ხელოვნურად გადაკეტვის
დროს.[3]
რეპრესიული
კანონების აღსრულება
საბჭოთა კავშირის
სტილის რეპრესიებს, ,,ქართული ოცნება“ სწორედ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული კოდექსით
აღასრულებს.
განსაკუთრებით 16 ოქტომბრიდან, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტთა დაკავება. დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის მიხედვით, კრიმინალური პოლიციის ან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, კონკრეტული პირებთან მიმართებით, რომელთა იდენტიფიცირება 112-დან გამოთხოვილი ვიდეო-კამერების ჩანაწერებით ხდება.[4] ამასთან, ამ პირებს უწყება მოგვიანებით, აქციის შემდეგ, ან მომდევნო დღეს აკავებს. ყურადსაღებია თავად დაკავების პროცედურა. როგორც დემონსტრანტები აღნიშნავენ, შსს-ს წარმომადგენლები დაკავების დროს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, რომ უნდა გადაიყვანონ ისინი შესაბამის დაწესებულებაში, ოქმის შედგენის მიზნით და შემდეგ გაათავისუფლებენ. მოგვიანებით კი, ისინი ან პირდაპირ სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. ამასთან, დგება დაკავების ოქმი.
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 245 ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი
მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი
და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო
ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. |
განსაკუთრებით
საგანგაშო აქციის მონაწილეების დაკავების ფორმაა. 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებმა აქციის, დაახლოებით, 30 მონაწილე ტროტუარზე, ძალის გამოყენებით, ყოველგვარი
სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს.
დაკავების საფუძვლად, გზის ხელოვნურად გადაკეტვა, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა (იშვიათ შემთხვევაში) მიუთითეს.
სასამართლო
პროცესების დროს, შსს-ს წარმომადგენლებს განსაკუთრებით გზის გადაკეტვის ფაქტის მტკიცება
გაურთულდათ, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს ვიდეო-კადრები, სადაც დაკავებული ადამიანები
გზას კეტავდნენ. ამის გამო, ნაწილი სასამართლო პროცესების ამ დრომდე გადადებულია.
სასამართლოს
მიკერძოება და გამოყენებული სანქციები
თბილისის საქალაქო
სასამართლოში დაკავებული დემონსტრანტების პროცესები, ხშირად, შუა ღამეს მიმდინარეობდა.
ამასთან, ადვოკატების შუამდგომლობები, გადადებულიყო სასამართლო სხდომები, დაცვის ეფექტიანი
განხორციელების მიზნით, როგორც წესი, მოსამართლის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ადამიანის
უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს თავისუფლების
უფლება, მასზე ვრცელდება ევროკონვენციის მე-6 და მე-3 მუხლები.
|
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით: დაკავების საფუძვლიანობის გამორკვევისას, პირი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო თავისი პოზიციის სრულფასოვნად მოსამზადებლად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით: ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან
ასეთი მოპყრობა დაუშვებელია. |
გვიან ღამით
(ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაში) პროცესების წარმართვა, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ
მექანიზმად შეიძლება შეფასდეს.[5] ამასთან,
სასამართლოს მხრიდან აღნიშნული მიდგომა პროცესების პოლიტიკური მოტივის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
უშუალოდ გზის
გადაკეტვის პროცესებზე, მთავარ მტკიცებულებად, როგორც უკვე აღინიშნა, ვიდეო წარმოადგენდა.
შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ სიტყვაში არ ასაბუთებდნენ, რამდენად პროპორციული, თანაზომიერი
იყო მათ მიერ მოთხოვნილი საპატიმრო სანქცია ქმედების ხასიათთან. მოსამართლეები კი,
ყველა შემთხვევაში, აკმაყოფილებდნენ უწყების მოთხოვნას - საპატიმრო სანქციასთან დაკავშირებით.
გარდა გზის
გადაკეტვისა, შსს-ს მტკიცებით, სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეს სახის დაფარვა წარმოადგენდა.
პირბადის ტარების საბაბით არაერთ ადამიანს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საპატიმრო სანქციასთან ერთად, მოხდა სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია (პირბადის
ჩამორთმევა). ამ შემთხვევაშიც, ერთადერთი გარემოება რასაც მოსამართლე აფასებდა, იყო
ფაქტის დადასტურება, ეკეთა თუ არა პირს პირბადე/ნიღაბი. გარდა პირბადისა, სამართალდამცავებმა
აქციის მონაწილე, რომელსაც ცივ ამინდში შარფი ჰქონდა შემოხვეული, სახლში მიმავალი,
იდენტიფიცირების მიზნით, გააჩერეს, შარფი ჩამოართვეს
და დალუქეს. მას სასამართლომ ოთხ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სიტყვიერი
შენიშვნის მექანიზმი
მიუხედავად
აღნიშნული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომლის ერთადერთი მიზანი, პროტესტის მუხტის გაქრობაა, ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა
კოდექსი მაინც ტოვებს შესაძლებლობას, შსს-ს წარმომადგენლებმა არა ადმინისტრაციული პატიმრობა,
არამედ სიტყვიერი შენიშვნა მოითხოვონ. თავის
მხრივ, მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს შენიშვნის მექანიზმი, თუმცა კონკრეტული
წინაპირობების შემთხვევაში.
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 22: სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებისთვის
აუცილებელია შემდეგი პირობების კუმულაციური არსებობა:
ბოლო გარემოება 2025 წელს დაემატა და უკავშირდება საპროტესტო აქციების
დროს, ყველაზე ხშირად გამოყენებულ მუხლებს. |
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნული პირობების ერთობლიობა სახეზე იყო, მოსამართლემ საპატიმრო სანქცია გამოიყენა. სასამართლოს მხრიდან სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სანქციას და შესაბამისად, მისი შეფარდებით არ ხდება ქმედების კრიმინალიზება.
შეკრებისა
და გამოხატვის უფლების კრიმინალიზება
ოქტომბერში
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, შეკრებისა და გამოხატვის უფლების კრიმინალიზება
მოხდა.
მაგალითად, ზემოთ აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა სახდელდადებული პირის მიმართ,
სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციას და ევროსასამართლოს პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მშვიდობიანი
დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს ისეთ სანქციებს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ნორმის ერთადერთი მიზანი, შეკრების და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებაზე მსუსხავი ეფექტის
ქონაა.
პრაქტიკული
აღსრულება
16 ოქტომბრის
შემდეგ, განმეორებით გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ერთი პირი, 61 წლის ზურა
მენთეშაშვილი დააკავეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. იმავე საფუძვლით იგი 24 ოქტომბერს
დააკავეს, რის გამოც 5 დღე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გაატარა.
|
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198 - ე მუხლის მიხედვით: აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი
არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა,
უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის
ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა
შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
|
აღკვეთი ღონისძიების
უმკაცრესი ზომის გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებულია. ადამიანის უფლებათა სასამართლოსა
და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (მაგ. Letellier v. France, Clooth
v. Belgium, Ilijkov v. Bulgaria), პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი და
გამართლებული მხოლოდ მაშინ, როცა არ არსებობს უფრო მსუბუქი ზომით მიზნის მიღწევის
შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია გამოიყენოს ალტერნატიული ღონისძიებები.
სხვა შემთხვევაში, ცალსახად დარღვეულია ევროკონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლება) და მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლები.
[1] მათ შორის ჟურნალისტებთან
მიმართებით. ნაწილი მათგანი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
[2] ორსულ
ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირს კი დაეკისრება
ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ეს
პირი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
[3] European
Rules on Community Sanctions and Measures (R(92)16)
[4] სრულიად ბუნდოვანია
რამდენად ხდება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონმდებლობის
შესაბამისად.
[5] Bati and
Others v. Turkey (2004) საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოფიტვის ან ფსიქოლოგიური
ზეწოლის გამოყენება სასამართლო პროცესის დროს არღვევს სამართლიანობის პრინციპს.
Barbera, Messegue and Jabardo v. Spain (1988) საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ
პროცესი უნდა ტარდებოდეს ისე, რომ მხარეებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა დაიცვან
თავი.
BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.
ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.