GEO   ENG
სიახლეები
DRI: ,,ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს
18.11.2025

„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და  პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება, არაკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლების წყარო ხალხია. ამასთან, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.[1]

ამ ცვლილების პოლიტიკური მოტივაცია აშკარა და ცალსახაა - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი სწორედ იმ საარჩევნო უბნებზე იყო, რომლებიც საქართველოს საზღვრებს მიღმა გაიხსნა. 2024 წელს საქართველოს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირდა 95,910 ამომრჩეველი, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 34,574-მა (36%) მიიღო.  მათგან მხოლოდ 4,628-მა (13%) მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ იმარტივებს ელექტორალურ ამოცანას და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სტილში, ერთპარტიულად ცვლის საარჩევნო პროცედურებს.

ცვლილებების შემდეგ, ემიგრანტები იძულებულები იქნებიან არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოში  ჩამოვიდნენ, რაც მრავალმხრივ უსამართლო და უფლება შემლახავი გადაწყვეტილებაა. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ დამატებით ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერს უქმნის ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელთა უმრავლესობა მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ემიგრანტ მოქალაქეებს, ქვეყნის დატოვება, სწორედ,  უკიდურესი სიდუხჭირისა და უმუშევრობის მიზეზით მოუწიათ. ამ გადაწყვეტილებით კი ისინი საქართველოში მყოფ მოქალაქეებთან შედარებით, აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების კუთხით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რაც კიდევ უფრო გარიყავს მათ ქართული პოლიტიკური პროცესებისგან. აქამდე ქართული საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული წესი, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მუნიციპალურ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა უცხოეთში, მაგრამ ეს უფლება ეძლეოდათ საპარლამენტო (და ახლო წარსულში ასევე საპრეზიდენტო) არჩევნებში, ემყარებოდა სწორედ იმ დაშვებას, რომ საერთო ეროვნული მნიშვნელობის არჩევნებში საარჩევნო-პოლიტიკური უფლების გამოყენების შესაძლებლობა გარანტირებული ყოფილიყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანასწორად, მისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ეს იყო მცირე, არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შესაძლებლობა, რომლითაც მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა ინარჩუნებდა თვითიდენტიფიკაციას და კავშირს ქართულ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

ქართველი ემიგრანტების უცხოეთში შრომის წვლილი უდიდესია საქართველოს ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის სტაბილურობისთვის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2024 წელს საქართველო იყო მსოფლიოში მე-12 ადგილზე ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ფულადი გზავნილების რაოდენობით.  ამ ვითარებაში, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა იმ ნაბიჯს გადგმა, რაც მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას განაპირობებდა. განსაკუთრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართულ დიასპორას, კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისთვის, არაერთი სირთულის გადალახვა დასჭირდა. თუმცა, ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო უფლებას ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე აქცევს ფორმალობად. ცხადია, პარტიის ავტორიტარული მიზნები ქვეყნის ეროვნულ ამოცანებთან შეუთავსებელია, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ემიგრანტი ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის დისკრიმინაციული ინიციატივით.



[1] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 37.2

მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

02.12.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.

01.12.2025