რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული
ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად
ჩამოშორებას. კრემლის ბოლოდროინდელი ინიციატივებია: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
სხვა, მისივე შეფასებით, ნეიტრალურ ადგილას გადატანა, საქართველოსგან აფხაზეთთან და
ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივ გარანტიებს მოითხოვა და რეგიონული
თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში თბილისის ჩართვა. ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას
იპყრობს საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის
სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს
როგორც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე, ისე ჟენევის მოლაპარაკებების
მომავალზე.
ჟენევის მოლაპარაკებების ადგილის ცვლილების საკითხი
— მოსკოვის ახალი ინიციატივა
რუსეთი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩატარების
ადგილის შეცვლის საკითხს კვლავ აქტიურად აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, მოსკოვი სოხუმთან და
ცხინვალთან ერთად ცდილობს დისკუსიების ჟენევიდან
სხვა ადგილზე გადატანის შესახებ კონსენსუსის მიღწევას. რუსეთის მხარე ამის მიზეზად შვეიცარიის
მიერ ნეიტრალიტეტის დაკარგვას ასახელებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ისეთ გარემოში
უნდა გაგრძელდეს, რომელსაც ყველა მონაწილე ნეიტრალურად და მისაღებად მიიჩნევს.
მოსკოვის ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოლაპარაკებების
გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას არ უკავშირდება. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ფორმატში
მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები,
ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო.
დისკუსიები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს — უსაფრთხოებისა
და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში,
როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლება,
იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და ჰუმანიტარული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.
ჟენევის ფორმატის თავისებურება ისაა, რომ იგი საერთაშორისო
შუამავლების მონაწილეობით შექმნილი მოლაპარაკების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის შედეგების
მართვასა და მხარეებს შორის დიალოგის შენარჩუნებას ემსახურება. შესაბამისად, მოლაპარაკებების
ადგილის შეცვლის საკითხის, მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტილებად ვერ მივიჩნევთ.
რუსეთის მიერ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევა
მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ოფიციალური არგუმენტია. თუმცა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება მოლაპარაკებების პოლიტიკური საფუძვლის შეცვლის
ან არსებული საერთაშორისო ფორმატის შესუსტების მიზეზი არ გახდეს .
საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია — რუსეთის მოთხოვნების
კიდევ ერთი მიმართულება
ჟენევის დისკუსიების ადგილის შეცვლის ინიციატივასთან
ერთად, არაერთი წელია კრემლი საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის
წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი გარანტიების მიღებისა და შესაბამისი
შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, კალუგინის განცხადებით, დღის წესრიგში დგას საქართველო-აფხაზეთისა
და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება და შემდგომი
დემარკაცია.
საქართველოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, აფხაზეთი
და ცხინვალის რეგიონი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარეობს
და რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
არღვევს.
სწორედ ამიტომ, არსებითია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს
კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი გამყოფი ხაზების საკითხები და საერთაშორისოდ აღიარებული
სახელმწიფო საზღვრების სამართლებრივი სტატუსი. ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და არ უნდა ქმნიდეს სუვერენიტეტის
შეზღუდვის ან ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის წინაპირობას.
მეორე მხრივ, ძალის გამოუყენებლობის საკითხი უსაფრთხოების
თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, მისი განხილვა ვერ იქნება მოწყვეტილი კონფლიქტის
მთლიან კონტექსტს, მხარეთა პასუხისმგებლობას, საერთაშორისო სამართალსა და უსაფრთხოების
რეალურ გარანტიებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები არ იქცეს
ცალმხრივი პოლიტიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების მექანიზმად.
რუსეთის ვდილონს, გააძლიეროს რეგიონული დღის წესრიგი
ჟენევის დისკუსიების გარდა, მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში
თანამშრომლობის სხვა ფორმატებშიც საქართველოს მონაწილეობის საკითხს აყენებს. ერთ-ერთი
მათგანი, სწორედ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა „3+3“-ია, რომელიც აერთიანებს
სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს — საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს — და მათ
სამ მეზობელ სახელმწიფოს: რუსეთს, თურქეთსა და ირანს.
ფორმატის შექმნის იდეა 2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანისა
და თურქეთის პრეზიდენტებმა წამოაყენეს. პლატფორმის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები
საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და მინისტრების დონეზე. საქართველო მის
მუშაობაში დღემდე არ ჩართულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის,
მიხაილ კალუგინის განცხადებით, „3+3“-ს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონში სტაბილურობისა
და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.
მოსკოვი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებად ტრანსპორტს, ლოგისტიკას,
ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, კულტურასა და განათლებას ასახელებს. კალუგინის თქმით,
საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღიაა და თბილისს მასში მონაწილეობა/ჩართვა ნებისმიერ
დროს შეუძლია.
რუსეთის მხრიდან ამ შეთავაზებას სხვა გზავნილები მოყვება:
სამხრეთ კავკასიის პრობლემები, მოსკოვის ხედვით, თავად რეგიონის სახელმწიფოებისა და
მათი უშუალო მეზობლების მონაწილეობით, გარე ძალების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს.
თუმცა, საქართველოსთვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებით
არ შემოიფარგლება. ფორმატის მონაწილეებს შორის არის რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების
ნაწილი ოკუპირებული აქვს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
ამდენად, პლატფორმაში მონაწილეობას თან ახლავს პოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებაც.
სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება — რა
საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება?
ამ ვითარებაში განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს
მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის
მანდატის გაფართოება. საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოებას კრიტიკულად გამოეხმაურა
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ (DSG), რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს
აერთიანებს.
საზოგადოების შეფასებით, გადაწყვეტილება სახიფათო ტენდენციაზე
მიუთითებს, რადგან სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციებს დაემატა რუსეთთან კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების საკითხი, რომლის შესახებ, წარმომადგენლის წარდგენისას პრემიერ
მინისტრმა კოახიძლებ განაცხადა. მანამდე სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ძირითადად
ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ
ხასიათს ატარებდა.
კობახიძის მიერ წარმომადგენლისთვის ახალი მანდატის მინიჭება,
შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნის მცდელობად
აღიქმებოდეს. ამ ფუნქციის დამატება ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების არქონის
პირობებში არსებულ მიდგომას და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჟენევის ფორმატის მნიშვნელობას.
რუსეთის ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ მოსკოვი სამხრეთ
კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის საკუთარი ხედვის დამკვიდრებას ცდილობს. ამ პრობებში,
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ერთდროულად შეინარჩუნოს დიალოგის შესაძლებლობა,
დაიცვას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და არ დაუშვას საერთაშორისო მოლაპარაკებების
ისეთი ფორმით გარდაქმნა, რომელიც მის პოზიციებს შეასუსტებს.
ამ კონტექსტში სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება
განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას
მკაფიოდ განუმარტოს ახალი მანდატის მიზნები, ფარგლები და ურთიერთკავშირი ჟენევის დისკუსიებთან.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.