GEO   ENG
სიახლეები
DRI: მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა
26.07.2026

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, თბილისის საკრებულოსთან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას, სადაც სახელმწიფო ძალაუფლება მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გაუქმების ინსტრუმენტად გამოიყენება.

26 ივლისს, დაახლოებით, 22:30 საათზე, პოლიციამ საკრებულოს შენობასთან ბანერისა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაკეთებული შეძახილების გამო 10-ზე მეტი პირი დააკავა. აღნიშნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა თორნიკე თოხშუას დაკავება, რომელიც მდუმარედ იდგა ბანერით ხელში. გავრცელებული ვიდეო-კადრებიდან ჩანს, რომ არც ერთ შემთხვევაში, დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, დაკავების დროს ისმოდა მოქალაქეთა შეძახილები, რომელი მუხლით და რა სამართლებრივი საფუძვლით აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, რაზეც სამართალდამცავები დუმილით პასუხობდნენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს, მათ შორის, მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დაკავების საფუძველი და უფლება ადვოკატზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად (Novikova and Others v. Russia; Peradze and Others v. Georgia), მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა დაკავება მხოლოდ გამოხატვის ფორმის, ბანერის ან შეძახილების გამო წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკიდურეს ჩარევას, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ, ლეგიტიმური მიზნით განპირობებულ და პროპორციულ შემთხვევებში. სასამართლომ საქმეში ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეთა დაკავება მხოლოდ ბანერზე დატანილი ან აქციის ფარგლებში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლოზუნგის გამო, ძალადობის ან საზოგადოებრივი წესრიგის რეალური საფრთხის არარსებობის პირობებში, არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავთა მხრიდან პროტესტის მონაწილეთა დაკავების მიზანი არა მართლწესრიგის უზრუნველყოფა, არამედ კრიტიკული აზრის საბოლოოდ ჩახშობაა. ბოლო წლებში, მსგავსი მეთოდების გამოყენება მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებშია. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით
ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების განხილვის პროცესს.
21.10.2026
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026