დემოკრატიის კვლევის
ინსტიტუტის შეფასებით, თბილისის საკრებულოსთან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ძალის
გამოყენებითა და ყოველგვარი განმარტების გარეშე დაკავება წარმოადგენს ავტორიტარული
მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებას, სადაც სახელმწიფო
ძალაუფლება მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების გაუქმების ინსტრუმენტად გამოიყენება.
26 ივლისს, დაახლოებით,
22:30 საათზე, პოლიციამ საკრებულოს შენობასთან ბანერისა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით
გაკეთებული შეძახილების გამო 10-ზე მეტი პირი დააკავა. აღნიშნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა თორნიკე თოხშუას დაკავება, რომელიც
მდუმარედ იდგა ბანერით ხელში. გავრცელებული ვიდეო-კადრებიდან ჩანს, რომ არც ერთ შემთხვევაში,
დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, დაკავების დროს ისმოდა მოქალაქეთა შეძახილები,
რომელი მუხლით და რა სამართლებრივი საფუძვლით აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, რაზეც
სამართალდამცავები დუმილით პასუხობდნენ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული
დაკავების დროს დამკავებელი ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით
განუმარტოს, მათ შორის, მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დაკავების
საფუძველი და უფლება ადვოკატზე.
ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად (Novikova
and Others v. Russia; Peradze
and Others v. Georgia), მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა დაკავება მხოლოდ
გამოხატვის ფორმის, ბანერის ან შეძახილების გამო წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების
თავისუფლებაში უკიდურეს ჩარევას, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ, ლეგიტიმური
მიზნით განპირობებულ და პროპორციულ შემთხვევებში. სასამართლომ საქმეში ფერაძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეთა დაკავება
მხოლოდ ბანერზე დატანილი ან აქციის ფარგლებში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლოზუნგის
გამო, ძალადობის ან საზოგადოებრივი წესრიგის რეალური საფრთხის არარსებობის პირობებში,
არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს.
ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავთა
მხრიდან პროტესტის მონაწილეთა დაკავების მიზანი არა მართლწესრიგის უზრუნველყოფა, არამედ
კრიტიკული აზრის საბოლოოდ ჩახშობაა. ბოლო წლებში, მსგავსი მეთოდების გამოყენება მანკიერ
პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების
პირობებშია.
რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის მთავრობებს შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში გაფორმდა.
რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები აფხაზეთზეც აისახა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.