GEO   ENG
სიახლეები
ენგურის ხიდის კვეთის სანაცვლოდ ქრთამის რაოდენობა 3000-დან 2000 რუსულ რუბლამდე შემცირდა
23.06.2021
გალის რეგიონის იზოლაციაზე მსჯელობები ხშირ შემთხვევაში ე.წ. ენგურის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მკაცრ რეგულაციებამდე დაიყვანება, რომლის მიზანი ენგურს გადაღმა დარჩენილი მოქალაქეების დანარჩენი საქართველოს ტერიტორიისგან და სახელმწიფოებრივი სივრციდან დაშორებაა. ენგურის გამყოფ ხაზზე მდებარე ამ პუნქტის მუშაობა ერთგვარი საზღვრისპირა ცნობიერების შექმნის მექანიზმია, ერთი მხრივ, იგი ხურავს აფხაზეთს დანარჩენი საქართველოსთვის და მეორე მხრივ, აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს დანარჩენი საქართველოს სიშორის, რთული მისაწვდომობის განცდას უმძაფრებს.  შედეგად კი, „საზღვრის“ გადალახვის სირთულე, პროცედურები და აკრძალვები, გალის რეგიონის ქართველებს მისი „დარღვევისკენ“,ზოგჯერ სიცოცხლის სანაცვლოდ, უბიძგებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი გარდა დანარჩენი საქართველოსგან პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური „დაშორების“ ფუნქციისა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს, მის კონტროლში ჩართული პირებისთვის. მიუხედავად აკრძალვებისა, ხიდის გადალახვა ქრთამის სანაცვლოდაა შესაძლებელი, 2000-3000 რუსულ რუბლად (88-132 ლარის ეკვივალენტი) ნებისმიერი ტვირთის, მათ შორის აკრძალული საქონლის გადატანა-გადმოტანაა შესაძლებელი და გადაადგილებაზე არსებული ასაკობრივი შეზღუდვაც (ამჟამად მოქმედი რეგულაციით, 17-40 წლის ასაკობრივ ჯგუფს ეკრძალება ე.წ. საზღვრის გადალახვა) შეუძლიათ უგულებელყონ. ეს მდგომარეობა ტვირთად აწვება ადგილობრივების ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ხაზს უსვამს გალის რეგიონის მაცხოვრებლების უთანასწორობას აფხაზ ჩინოსნებთან მიმართებაში, რომლებიც ამ „რეგულაციებით“ - კორუფციით მდიდრდებიან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, არსებული ასაკობრივი შეზღუდვა, ივნისის თვის დასაწყისში,  გაიზარდა. თუ აქამდე ენგურის ხიდზე მოძრაობა 17-40 წლის პირებს ეკრძალებოდათ, ახლა ზედა ზღვარი 59 წლამდე გაიზარდა, რაც პოტენციურ ქრთამის გამცემთა რაოდენობას მკვეთრად ზრდის. ცხადია, ამ ცვლილების მიზანიც სწორედ ესაა და არა ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

DRI-ის ინფორმაციით, გალის მაცხოვრებელმა ფარულად გადაიღო ე.წ. საზღვარზე ქრთამის გადაცემის ფაქტი და ინტერნეტით გაავრცელა. ამ რეალობის სააშკარაოზე გამოტანას მოქალაქეების საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აქციის შედეგად, გალის რეგიონის ადმინისტრაცია ადგილობრივებს დაპირდა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა.თუმცა, ამჟამად,  ერთადერთი „საშეღავათო“ ცვლილება ისაა, რომ „მესაზღვრეები“ 3000-ს ნაცვლად 2000 რუსულ რუბლს იღებენ ქრთამად.

მოცემული ვითარება და გალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ენგურის ხიდზე არსებული კორუფცია კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ეთნიკურ სეგრეგაციას და მის საფუძველზე წახალისებულ დისკრიმინაციას, რომელსაც მონეტარულად გამოხატული დივიდენდები მოაქვს აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მმართველი ჯგუფებისთვის. ეს უკანასკნელი ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად გალის რეგიონის მცხოვრებთა მოთხოვნებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ, ამ კორუფციული კაბალისთვის თავის არიდების გამო, მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ნაკლებად სავარაუდოა შეიცვალოს. ზემოაღნიშნული კორუფციული სქემა მომგებიან ბიზნესად რჩება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და ძალოვნების წარმომადგენლებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული „რეგულაციების“ ეფექტი, გალის რეგიონის მცხოვრებთათვის, ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს, რაც ზოგჯერ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024