GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
რას შეიძლება ველოდოთ ინალ არძინბასგან?
20.12.2021
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბას დანიშვნას და მის შეხვედრას აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკვე მოჰყვა ფართო გამოხმაურება ქართულ მედიასა და საექსპერტო წრეებში. საფუძვლიანი შიშებიც გამოითქვა რუსეთის ფედერაციის შესაძლო სურვილზე, აკონტროლოს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო სექტორის განვითარებისკენ მიმართული და, ზოგადად, ამ სექტორის საქმიანობა. ეს შიშები საფუძვლიანია. აფხაზეთის სამოქალაქო სექტორში უკვე ლაპარაკობენ დე ფაქტო ხელისუფლების შესაძლო ნაბიჯზე, შემოიღოს და აამოქმედოს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონი უცხოეთის აგენტობის შესახებ. თუმცა ოფიციალურ დონეზე ღიად არაფერი უთქვამთ ამ საკითხზე. რასაც ვხედავთ, ესაა ახლად დანიშნული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მონდომება, მკაფიოდ მიუთითოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ყველა მათი ნაბიჯი შესათანხმებელი იქნება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან. ცხადია, მხოლოდ ერთი შეხვედრიდან ვერ დავასკვნით, რომ ინალ არძინბას პოლიტიკა ადგილობრივად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ისახავს მიზნად. მსგავსი სურვილის შემთხვევაში, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შესაბამისი წინადადების გატანა მოუწევს ე.წ. პარლამენტში.

მაშ რას შეიძლება მანამდე ველოდოთ ინალ არძინბას პოლიტიკისგან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ? პირველ რიგში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მათი მოქმედების მანდატის, არეალის და საპარტნიორო ქსელის განსაზღვრა გალის რეგიონში. როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ერთგვარი შიში აქვს, კონტროლი არ დაკარგოს გალში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც მნიშვნელოვან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ გალის რეგიონის ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო-კულტურული რეაბილიტაციისთვის. ცხადია, მათი საქმიანობა უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე ვრცელდება და ოჩამჩირის, გულრიფშის და ტყვარჩელის რაიონებსაც მოიცავს, მაგრამ, შესაძლოა, გალის რეგიონი იყოს ტრადიციული ეჭვიანობის საგანი, რომ ადგილობრივ ქართულ თემს „ზედმეტი“ ავტონომიურობის და დამოუკიდებლობის შეგრძნება არ გაუჩნდეს.

მეორე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ინალ არძინბას შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან არცთუ კეთილგანწყობილ ტონალობაში წარიმართა. ეს ტონალობა შეიძლება ასევე გავიგოთ დაგვიანებულ პასუხად საქართველოს კანონზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განსახორციელებელი პროექტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას სთხოვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახლად დანიშნული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უბრალო მეთვალყურეობას კი არ აპირებს, არამედ მათი საშუალებით ერთგვარ სიგნალს უგზავნის როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აფხაზეთი ისეთივე სუვერენული სახელმწიფოა, როგორც მასთან დაპირისპირებული საქართველო, და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოითხოვს, მათი საქმიანობა თბილისის კი არა, სოხუმის თანხმობით განხორციელდეს. სულ სხვა საკითხია, პოლიტიკური ფორმალობების გარეშე, რამდენად შესაძლებელია რაიმე პროექტის განხორციელება გალის რეგიონში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან შეუთანხმებლად. ცხადია, ასეთი თანხმობა ყოველთვის საჭირო იყო.

ამ შეხვედრის შედეგად გაჩენილი სიხისტის შეგრძნება შეიძლება ერთგვარი პოლიტიკური ჟესტიც იყოს, თუმცა, ამავდროულად, შესაძლებელია, გალის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისთვის მართლაც მოასწავებდეს სავარაუდო ცვლილებებს. ამას, ცხადია, დრო გვიჩვენებს.
DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა

რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

25.03.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023