GEO   ENG
განცხადებები
ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია
12.06.2022
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული  რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის „სიმბოლურ“ მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ.

მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაცნობიერებული არ აქვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა, რაც მათი მხრიდან  ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრას და დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას გულისხმობს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას.
  • ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს.
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  2. სამოქალაქო იდეა
  3. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
  4. ღია საზოგადოების ფონდი
  5. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  11. საფარი
  12. რონდელის ფონდი
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  18. უფლებები საქართველო
 
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024