GEO   ENG
განცხადებები
მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს
29.06.2022
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, ივნისის თვეში საბჭოს სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, თუმცა ამ დრომდე, ყველა მათგანი გაურკვეველი მიზეზებით უქმდებოდა. საბოლოოდ, 27 ივნისის სხდომაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.[1]

სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევის - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობაზე, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ მიხეილ ჩინჩალაძეა. აღნიშნულ გამოწვევაზე და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.[2] თუმცა მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის პრობლემას კვლავ არ აღიარებს. მეტიც, კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები,[3] რომლითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის და სასამართლოს გავლენიანი პირების ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების[4] მიხედვით, ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობა „სრულად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი“ სასამართლოს შექმნაა. ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის საჭიროებაზე. ამასთან, აუცილებელია, რეფორმა ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ კონსულტაციებს დაეფუძნოს. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მიღებული რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად,  ხელისუფლების და, მათ შორის სასამართლოს, ძალისხმევა მიმართულია არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებისკენ.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  1. აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარება და ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება;
  2. დროულად დაიწყოს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა.


[1] თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით აირჩიეს, 27 ივნისი, 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yrsFW0 ;
[2] Opinion on the December 2021 amendments to the organic Law on Common Courts, adopted by the Venice Commission at its 131st Plenary Session (Venice, 17-18 June 2022), CDL-AD (2022)010-e Georgia, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tSfb3a .
[3] საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 30 დეკემბერი, 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yqkY2w .
[4] Opinion on Georgia's application for membership of the European Union, 17.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ybjLvN.
აფხაზეთში ოპოზიციონერი ადგურ არძიმბა კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა

აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

08.05.2026
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში

დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

24.04.2026
კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში

კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა. 

24.04.2026