GEO   ENG
განცხადებები
“თანაგრძნობას ვუცხადებთ ორივე მხარეს” – სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთის ომზე
28.09.2022
27 სექტემბერი, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველი და აფხაზი ხალხის წარსულ ტრაგედიებს და განგრძობადი კონფლიქტის მძიმე რეალობას. ამ განცხადების ხელმომწერები პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს კონფლიქტის ორივე მხარეს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. 

უკვე 8 თვეა რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სრულმასშტაბიან და სასტიკს ომს, რომელიც გამოუსწორებლად დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ზოგადად მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. აშკარაა, რომ რეგიონში ჯერ ისევ ნორმად რჩება იმპერიული ამბიციებისა თუ ტერიტორიული კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრაქტიკა. 

მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საქართველო ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და მხარს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარებას უჭერს. მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული და თანმიმდევრული ძალის არგამოყენების პოლიტიკა. თუმცა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული ძალისხმევა მაინც არასაკმარისი და სუსტი რჩება. მიუღებელია ომისა და მშვიდობის საკითხების ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება: ხელისუფლება ცდილობს ომის საკითხით სპეკულირებას და მის ოპონენტებს საქართველოს ომში ჩათრევის მსურველებად შერაცხვას. ამასთან, გარკვეული ოპოზიციური პარტიები წარსულში დატრიალებულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გასაზრდელად იყენებენ. ყველა ერთად კი საქართველოს მოსახლეობის ტრავმებს და შიშებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, რასაც კავშირი არ აქვს არც მშვიდობასთან და არც სამართლიანობასთან.

შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველო ბეწვის ხიდზე გადის, როდესაც რეგიონულ არასტაბილურობას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სამხედრო ინტერვენციის მაღალი რისკი, ისე როგორც არასდროს, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და  შეთანხმებულად იმოქმედონ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. 

30- წლიანმა შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა და მოუგვარებელმა კონფლიქტებმა დაასუსტა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი რესურსი, გახლიჩა და გააუცხოვა ქართული და აფხაზური, ასევე, ქართული და ოსური საზოგადოებები, გააღრმავა ტრავმები და შიშები, რომლებიც მყისიერად იჩენს თავს კრიზისულ პერიოდებში. დაუსაბუთებელი საუბრები საქართველოში მეორე ფრონტზის გახსნის საფრთხეზე და დასავლელი პარტნიორების მიერ ომის მხარდაჭერაზე არის სწორედ ამ ტრავმების პოლიტიკური მანიპულაცია, რომელსაც, სხვა მრავალთან ერთად, შედეგად მოაქვს ქართველების, აფხაზების და ოსების კიდევ უფრო მეტი გაუცხოვება, ერთმანეთისადმი შიში და სიძულვილიც კი. 

ამ პირობებში, მნიშვნელოვანია საქართველოში დაიწყოს მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის არსებითად ახალი პროცესი, რომელიც დაეფუძნება:

  • ადამიანის უფლებების პატივისცემას, ადამიანების საჭიროებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და თანასწორობის პრინციპს;
  • მრავალდონიან, პირდაპირ და კეთილსინდისიერ  დიალოგს აფხაზ, ოს და ქართველ პოლიტიკურ, პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებს შორის;
  • კონფლიქტებში ჩართული ყველა მხარის ტრავმების გააზრებას, შეცდომების აღიარებას და დანაშაულებების გამოძიებას;
  • კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და კონფლიქტებით გაყოფილი საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშესახებ, პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას.
ხელმომწერი ორგანიზაციები და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პირები, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დააყენონ მოკლევადიან, ვიწროპარტიულ და პიროვნულ ინტერესებზე მაღლა; აწარმოონ შინაარსიანი, საკითხებზე ორიენტირებული და კეთილსინდისიერი დიალოგი ერთმანეთთან, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნისთვის უმოკლეს დროში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმებით არის შესაძლებელი მდგრადი მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების მიღწევა ქვეყანაში. 

საქართველოს ხელისუფლებამ, მიმდინარე გამოწვევების და შესაძლებლობის არშემჩნევის ნაცვლად, უნდა გააკეთოს ახალი, მოქნილი, ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებები გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაადგილების, ვაჭრობის, ადამიანური უსაფრთხოების და განათლების უზრუნველსაყოფად. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით, შეიმუშაოს არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის რეალური სამოქმედო გეგმა. 

ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ფონდი საქართველოში
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ინოვაციური განათლების ფონდი
მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი 
მოძრაობა “აფხაზეთისთვის”
სოლიდარობის მუზეუმი
სამოქალაქო იდეა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
ნინო კალანდარიშვილი, კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტი
ქეთი მურუსიძე, მშვიდობის მშენებლობა და კვლევა
მარგარიტა ახვლედიანი, ჯემნიუსი
ვანო აბრამაშვილი, კავკასიური სახლი
მიხეილ ჯახუა, ბერგჰოფის ფონდი
მარიამ ცხოვრებაშვილი, ბერგჰოფი ფონდი
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
პაატა ზაქარეიშვილი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი
ეკატერინე გამახარია – ქალთა ფონდი “სოხუმი”
ნონა ხიზანიშვილი, “შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმი”
დავით ლოგუა, სამართლიანი არჩევნების რეგიონული ხელმძღვანელი
მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი
ესმა გუმბერიძე, ახლაგაზრდა აქტივისტი, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდობის წარმომადგენელი
ზურაბ ბრაგვაძე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი
ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობის მკვლევარი
ციალა ქათამაძე, იურისტი, ბათუმი
ნანა გოგოხია, უფლებადამცველი
ზაზა მიქელაძე, სამოქალაქო აქტივისტი
დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი
მედეა ტურაშვილი, ანალიტიკოსი
უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი
რუსიკო მარშანია
მარინე გრიგოლია, ასოციაცია “თანხმობის”თემის მობილიზატორი.
შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი, იენის უნივერსიტეტი
მამუკა ყუფარაძე, სტუდია რე
ქამრან მამედლი, პლატფორმა სალამი
ანა ემუხვარი, სამოქალაქო აქტივისტი, ზუგდიდი
ინფა შამუგია,აქტ ფორ თრანსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისის დირექტორი. 
განცხადება მიხეილ სააკაშვილის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით
ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.
26.11.2022
კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები არ პასუხებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს

DRI-მ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფებს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა.

17.11.2022
DRI-ის წინადადებები სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციებით მიმართა. 
04.11.2022