GEO   ENG
განცხადებები
ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
15.12.2022
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს.

უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“. მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს  სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა იქნება არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და იტვირთოს პასუხისმგებლობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება, ხოლო სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
  1. ღია საზოგადოების ფონდი;
  2. საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
  3. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  4. საფარი;
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  6. პრევენცია პროგრესისთვის;
  7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  8. უფლებები საქართველო;
  9. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  12. სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  13. მედიის განვითარების ფონდი;
  14. ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი;
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026