GEO   ENG
სიახლეები
DRI: მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი კადრების გავრცელება ღირსების შემლახველია
15.12.2022
2022 წლის 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეო მასალა გაასაჯაროვა. გასაჯაროებული კადრები სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის სხვადასხვა პერიოდს  ასახავს (ზოგ შემთხვევაში, თარიღი მითითებულია, ზოგ შემთხვევაში - არა), სადაც აშკარად ჩანს პატიმრის დაზიანებული ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შენიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემად მიჩნევის საფუძველი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კატეგორიის ინფორმაციის გასაჯაროება ღირსების შემლახავი და დამამცირებელია. შესაბამისად, სახელმწიფო პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროების საბაბად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასახელება ვერ იქნება ლეგიტიმური საფუძველი სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის იმ მასშტაბით გავრცელების, რისი რეალური შედეგიც  მისი პიროვნული ღირსების შელახვაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ დააანონსეს კადრების გავრცელება, ასევე ღიად განაცხადეს, რომ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მოტივირებული იყო პოლიტიკური მიზნებით, „ქართული ოცნების“ პარტიული ამოცანების შესასრულებლად.

სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები  ცდილობენ საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულაციას, უწოდებენ რა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას „სიმულაციას“, „ტყუილს“. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ერთთვიანი ვადა სთხოვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ არსებული გამოკვლევების და სამედიცინო დასკვნების გასაცნობად, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით აფასებენ შესაბამისი სამედიცინო კვალიფიკაციის არმქონე პოლიტიკოსები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმ ვითარებაში, როდესაც  შესაბამისი სახელმწიფო უწყება, მისივე აღიარებით,  არ ფლობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ, ამავდროულად,  უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეფასებითი განცხადებები კეთდება, აშკარაა, რომ ეს განცხადებები სპეკულაციური, სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებულია.

პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო და ვიდეო მასალის გასაჯაროება საქართველოში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთი დანაშაულების  გამოძიების ნაცვლად, უგულებელყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანის ღირსების პატივისცემას და არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

საქართველოს ხელისუფლებას
  • უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების არალეგიტიმურ და ადამიანის ღირსების შემლახველ მეთოდებზე, რაც დემოკრატიული პოლიტიკურ სისტემასთან შეუთავსებელია.
  • გაითვალისწინოს ქართველი და უცხოელი ექიმების სამედიცინო დასკვნები და ყველა შესაბამისი ნაბიჯი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას.
DRI: პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ აფხაზეთში რუსული პროპაგანდა გააქტიუდა

რუსული პროპაგანდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საყოველთაო სახალხო მღელვარების ფონზე „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ჩაეგდო ე.წ. რუსული კანონის პროექტი.

25.03.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023