GEO   ENG
სიახლეები
DRI: მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია
16.01.2023
2023 წლის 15 იანვარს ყვარელში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს მოძალადე ჯგუფებმა არ მისცეს ევრო-ატლანტიკური ცენტრის შენობაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება. მედიის ინფორმაციით[1], თავდამსხმელებს შორის იყვნენ „კონსერვატორული მოძრაობის/ალტ-ინფოს” ადგილობრივი წარმომადგენლებიც.

ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები. ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს.

2023 წლის 15 იანვარს ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების აქტები სავარაუდოდ ხელისუფლების წახალისებულია. ამ დრომდე ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთაგან არავინ გამოხმაურებია ყვარელში მომხდარ თავდასხმას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო შემთხვევაა. 
გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. სახელმწიფო ვალდებულია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფლად და უსაფრთხო გარემოში გამოითქვას აზრი და არაძალადობრივად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენის მიმართ. ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა.[2] გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება და შენობაში უსაფრთხოდ შესვლა. თავდამსხმელების ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცავების შედარებით მეტი რაოდენობით მობილიზაციის და/ან სათანადო მოქმედების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • უარი თქვას მოძალადე ჯგუფების წახალისების აშკარა პრაქტიკაზე.
  • ხელისუფლების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა არაორაზროვნად და ცალსახად დაუჭირონ მხარი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას.
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და მყისიერად მოახდინონ რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებზე.
 
[1] radiotavisupleba.ge  (ვებგვერდი), „პოლიციას არც უფიქრია დარბაზში შევეყვანე,”  ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს. ხელმისაწვდომია:  https://www.radiotavisupleba.ge/a/32224326.html
[2] Facebook.com (ვებგვერდი) ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=1631675060606073
DRI: სასამართლო გადაწყვეტილება რაჭის პროტესტის მონაწილეებთან დაკავშირებით მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის კუთხით პოზიტიურ პრეცედენტს წარმოადგენს
სასამართლომ ექვსი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ორი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 
30.11.2023
DRI: „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორკესტრირებული რიტორიკა გააქტიურდა
„ქართული ოცნებისა“ და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების რიტორიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, იდენტური იყო. 
28.11.2023
DRI: რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის ენერგოკრიზისს სტრატეგიული ობიექტების ანექსიისთვის იყენებს
აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. 
27.11.2023