GEO   ENG
სიახლეები
DRI: ზურა ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა და დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სულ მცირე სამი მუხლი
09.03.2023

2023 წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ზურაბ ჯაფარიძე (პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დამფუძნებელი) საქართველოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გამაგრებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა.

ჯაფარიძე მოულოდნელად წააქცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის ეზოში შეათრია სავარაუდოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის 10-15 კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირებადი. სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულებს შორის ყველაზე მძიმე, თვალით ხილული დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება. სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ ფოტოზე ნათლად ჩანს დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები/სისხლჩაქცევები თხემზე. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ზურა ჯაფარიძეს აქვს ყბების და თავის ძლიერი ტკივილი, საჭიროებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ჩატარებია სათანადო სამედიცინო კვლევა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათისა.

DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, დაკავების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ემსახურებოდეს დაკავებულის დასჯას, მისთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას და/ან მისი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.

DRI-ის შეფასებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულ მცირე, მე-3 (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა.  

DRI მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

შეწყვიტონ შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები; დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში; შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროა ზურა ჯაფარიძის დაკავების და არასათანადო მოპყრობის კადრები, რითაც დასტურდება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი,  დარბაზიდან გაათავისუფლოს ზურა ჯაფარიძე  და მიუთითოს მისი დაკავების უკანონობაზე. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

ზურაბ ჯაფარიძეს მიმართ განხორციელებული ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

 

DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.
26.09.2023