GEO   ENG
განცხადებები
სოციალურ ქსელებში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დისკრედიტაციული საინფორმაციო ოპერაციები გამოძიებას საჭიროებს
05.05.2023
Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები.
 
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“.
 
როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად.  ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების  პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა.
 
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. „სამართლიანი არჩევნების” მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ,  საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული.

ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.


ხელმომწერი ორგანიზაციები:
  1. ევროპულ ქართული ინსტიტუტი - EGI
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI
  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი - GMC
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  6. ღია სივრცე კავკასია - COS
  7. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  8. ფრანკლინის კლუბი
  9. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  11. IWPR საქართველო
  12. აი, ფაქტი - Ifact
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026