GEO   ENG
სიახლეები
პრემიერის ჰომოფობიური გზავნილები ულტრამემარჯვენე ძალების რიტორიკასთან თანხვედრაშია
05.05.2023
2023 წლის 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლას საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ძალების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამის საპირისპიროდ, ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომელიც ევროპაში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პარტიას წარმოადგენს, დაგმო ღარიბაშვილის კონფერენციაში მონაწილეობა და განაცხადა, რომ იმსჯელებს „ქართული ოცნებისთვის“ სტატუსის შეჩერებაზე.

CPAC-ის კონფერენციის ძირითადი დევიზია „ერთად ძლიერები ვართ.“ კონფერენციის სპიკერებს შორის არ ყოფილა ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის არც ერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარდა. ირაკლი ღარიბაშვილის კონფერენციაში მონაწილეობას კეთილგანწყობით გამოეხმაურა ბუდაპეშტის ულტრამემარჯვენე კონსერვატიული „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“ 26 აპრილის პოსტით: „გენდერული პროპაგანდა არც საქართველოსადმია კეთილგანწყობილი, თუმცა ღარიბაშვილის აზრით,  აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, რომელიც უარყოფს ლგბტქ პროპაგანდისტულ ზეწოლას“.

კონფერენციაზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „კონკრეტული ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარი მიზნების მიღწევას  ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით ცდილობენ - მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით.“ პრემიერის ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც რელიგიურ  და ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირებს, სრულ თანხვედრაშია საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ძალების ძირითად გზავნილებთან. 

პრემიერის ბუდაპეშტში ვიზიტის პარალელურად, ჰომოფობიური რიტორიკა შესამჩნევად გააქტიურდა როგორც ღიად ულტრამემარჯვენე მედია პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ეთერში, აგრეთვე პროსახელისუფლებო მედიების იმედისა და პოსტ tv მხრიდან.

პრემიერის დაგეგმილ ვიზიტს ბუდაპეშტში ჯერ კიდევ აპრილში დადებითად გამოეხმაურნენ ძალადობრივი და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე  ჯგუფები საქართველოში. 30 აპრილს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი“ ულტრამემარჯვენე ჯგუფის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა პრემიერის ვიზიტი უნგრეთში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ: „იმის ფონზე, როდესაც მსოფლიო გაყოფილია პროსოდომისტურ და ანტისოდომისტურ ძალებად, ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში ძალზედ მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა ძალა სიმართლის სათქმელად და დაგმობს ანტიდისკრიმინაციულ კანონს.“ 

პრემიერის ვიზიტს კონსერვატიულ პლატფორმაზე დადებითად აფასებს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერი ირაკლი მარტინენკოც. თუმცა 28 აპრილის გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ მარტინენკომ განაცხადა, რომ ამ ვიზიტს არსებითი მნიშვნელობა არ ექნება ქვეყნისთვის, თუ არ გადაიხედება საგარეო [ევროპული] კურსი.

პრემიერის კონსერვატიულ პლატფორმაზე წარდგენის პარალელურად, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალამ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) მოამზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის“ აკრძალვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, საპირისპიროს მიუთითებს სახელისუფლებო სატელიტ მედია პლატფორმებზე აგორებული ჰომოფობიური კამპანია.  გარდა ამისა, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის’’ ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ 2 მაისს გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია“  „ქართული ოცნების“ მხრიდან მხარდაჭერის შესახებ: „ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!“

პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული არხებისა და ულტრამემარჯვენე ძალების მიერ უნისონში წარმოებული პოლიტიკური შინაარსის ჰომოფობიური კამპანია აჩენს ეჭვებს,  რომ „ქართული ოცნება" და ულტრამემარჯვენე ძალები შესაძლოა ერთობლივად ლობირებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ღიად დისკრიმინაციული შინაარსისაა და აუცილებლად იქცევა მნიშვნელოვან წინაღობად საქართველოსთვის  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024