GEO   ENG
სიახლეები
DRI: აფხაზეთის ანექსია რუსეთის ფედერაციის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებით კიდევ უფრო გამყარდება
11.05.2023
აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ანრი ბარციცის მიერ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციის შემთხვევაში, აფხაზეთისთვის საარბიტრაჟო საქმეებზე რუსეთის ფედერაციის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულო გახდება. შეთანხმება რატიფიცირებულია რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ. მას ხელი უკვე მოაწერა ვლადიმერ პუტინმა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში დოკუმენტი რატიფიცირებისთვისაა გადაგზავნილი, თუმცა მას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია და ექსპერტთა წრე.

გარდა ამისა, აფხაზური ოპოზიცია შიშობს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე მოუწევთ რუსეთში მცხოვრები და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველი ლტოლვილებისთვის ქონების დაბრუნება. შესაბამისად, აფხაზური ოპოზიციის აზრით, აფხაზეთს მხოლოდ ერთი რჩება - არ მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შიში, რომ შეთანხმება ეთნიკური ქართველების ინტერესებს დაიცავს, ირაციონალურია და რეალობას არ შეესაბამება. რეალურად, შეთანხმება ემსახურება აფხაზეთის ანექსიის განმტკიცებას და არა ქართველი ლტოლვილების ქონებრივი უფლებების დაცვას. რუსეთი ზემოაღნიშნულ შეთანხმებას გამოიყენებს მხოლოდ ერთი მიმართულებით: საკუთარი ინტერესების დასაცავად და აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების რუსული იურისდიქციაში მოქცევის უზრუნველსაყოფად; აღნიშნულის კლასიკური მაგალითია ბიჭვინთაში რუსული ინვესტიციები.

დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან აფხაზეთში გადაგზავნილი დოკუმენტის ტექსტი შეიცვალა და აფხაზეთის ინტერესებთან შესაბამისობაში მოვიდა. დოკუმენტი თავდაპირველად ითვალისწინებდა მხოლოდ რუსეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. მოგვიანებით, აფხაზური მხარის მოთხოვნით, შეთანხმებას დაემატა აფხაზეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რუსეთის ფედერაციაში აღსრულების ვალდებულება. შეთანხმების განახლებული ტექსტის მიხედვით, დოკუმენტის მოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკურ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მაშინ როდესაც თავდაპირველი ვარიანტი სამოქალაქო ურთიერთობების არაერთ სფეროს ეხებოდა.

იუსტიციის მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ოპოზიციაში და ექსპერტულ წრეებში. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სახელმწიფო უარს აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების აღსრულებაზე, საეჭვოა რუსეთის მიერ აფხაზეთში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო შეთანხმებების აღსრულება. მით უმეტეს, რომ შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის „საჯარო ინტერესების“ დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთი თავისუფლდება სხვა ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებისგან. შესაბამისად, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი უარს განაცხადებს აფხაზური სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აფხაზეთს ამის შესაცვლელად არავითარი მექანიზმი არ ექნება. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთს აფხაზეთზე ზემოქმედების და შესაბამისად, რუსული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის არაერთი მექანიზმი აქვს.

2022 წლის ივლისიდან, უკრაინის ომის კვალდაკვალ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია გახდა. აღნიშნული შეთანხმების დაცვის ობიექტი იქნება ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთიც“, ახლა „მოსკოვი რიზორთი“, რომელიც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, რეალურად პუტინის ოჯახის წევრს ეკუთვნის.

აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • აფხაზეთსა და რუსეთს შორის საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების თაობაზე დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია და მოახდინოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ფორმატებში.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026