GEO   ENG
სიახლეები
პრორუსული ჯგუფებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკა თანხვედრაშია
12.05.2023
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან  სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გაუქმდა. რუსეთის გადაწყვეტილებას დადებითი შეფასებებით გამოეხმაურნენ საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფები.

რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, განსაკუთრებით, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მითის შექმნა პირდაპირი ფრენების აღდგენით თუ უვიზო რეჟიმის გაუქმებით, პრორუსული ძალადობრივი „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ პოლიტიკური სპეკულაციების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.  დაფუძნების დღიდან, დაჯგუფების ლიდერები ღიად აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, რაც არაერთხელ დაასახელეს რუსეთში განხორციელებული „ოფიციალური ვიზიტების“ მთავარ მიზეზად.

ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია საკუთარი პოლიტიკური აქტიურობის დამსახურებად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.  10 მაისს ფეისბუქ პოსტში მორგოშიამ დაწერა: „ეს არის ჩვენი შრომით და ერთობით მიღწეული გამარჯვება!“ მისი განცხადებით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ სამივე პოლიტიკური დაპირება შეასრულა: ხელი შეუწყო რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას, პირდაპირი ფრენებისა და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას.

„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ მიღწევად მიიჩნევს რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ძალადობრივი დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი  შოთა მარტინენკო. ის ღიად პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას: „რუსეთთან უვიზო რეჟიმი დაიდო! უმნიშვნელოვანესი ფაქტია როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე რუსეთთან ურთიერთობების დალაგების და დასავლეთისგან მეტი პოლიტ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების კუთხით. მცირდება ევროპის მიერ კანდიდატის სტატუსზე მოსალოდნელი უარის და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების მუქარის ეფექტი, ანუ დასავლური რევანშის საფრთხე.

პუტინის გადაწყვეტილება კონსერვატიული ძალების მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავამაც. „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ ქარდავამ 10 მაისს განაცხადა: „სწორედ [ჩვენი] დამსახურებით, რუსეთში დაინახეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ყველაფერი დაკარგული არ არის და აქ არის ის ძალა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ კრიზისიდან, რომელსაც ლიბერალიზაცია იწვევს“.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პოზიტიურად გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა: ჰუმანიტარული პრიზმიდან მოსკოვის გადაწყვეტილება „ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი“. 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ღიად კრემლისტური ძალების მესიჯბოქსი გაიმეორა და  ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხებზე აპელირებით შეეცადა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის სასიკეთოდ წარმოეჩინა: „დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის სანქციის მოხსნა, ანუ გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა."

თუ ძალადობრივი პოლიტიკური დაჯგუფება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს საკუთარ პრორუსულ განწყობებს და საკუთარ მიღწევად წარმოაჩენს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, „ქართული ოცნება“ ცდილობს ირიბად გამოხატოს კმაყოფილება რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს, თითქოსდა აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინის პარალელურად, რუსული გავლენების გაძლიერება მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების  დადებითი ეფექტის შესახებ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.  
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024